საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„ლე ფიგარო“ წერს, რომ 21 ივნისს, გამთენისას ქვემო რენში (Bas-Rhin) ქართულ-სომხური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრი აიყვანეს, 11 მათგანი სასამართლოს წინაშე წარდგა და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 10 – წინასწარი გამოძიების იზოლატორში მოათავსეს. დაკავებულთა შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი („ლე ფიგარო“ წერს „Vor“) და სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი არიან. სამართალდამცველთა ინფორმაციით, გაცემულია ორდერები ამ მაფიის სხვა წევრების დაკავებაზე.
დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას პოლიციამ 17 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო. ამოღებულია 4 მანქანა, 1 მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, 352 კოლოფი სიგარეტი, 66 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, დიდი რაოდენობით მოპარული საქონელი (ძვირადღირებული კოსმეტიკა, სუნამოები და საკვები პროდუქტები), ძვირფასი საიუველირო და ტყავის ნაკეთობები.
გამოძიება 2019 წელს დაიწყო 2 ქართული დაჯგუფების დაკავების შემდეგ, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ. ისინი 200-ზე მეტი სახლის ძარცვაში მონაწილეობდნენ გრანდ ესტში (Grand Est).
გამოძიების შედეგად პოლიცია „კანონიერი ქურდების“ – იერარქიული მაფიოზური ორგანიზაციის კვალზე და მათი ლიდერის – „ქურდის“ კვალზე გავიდა, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა და დანაშაულებრივ სტრუქტურას ხელმძღვანელობდა ელზასში. 2020 წლის მაისიდან დაიწყო გამოძიება და გუშინ, 25 ივნისს ის 12 კაცის დაკავებით დასრულდა
ნინო ხოშტარია
კომენტარები