კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ღლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს

მოულოდნელად განვითარდა მოვლენები საბერძნეთში, ღლიკა ნერაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. დღეს საბერძნეთის პოლიციამ შვეულმფრენი გაგზავნა კუნძულ ალონისოსზე, სადაც მოკლულის მეუღლე, სამოქალაქო ავიაციის პილოტი ბაბის ანაღნოსტოპულოსი იმყოფებოდა. იგი ათენის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვისთვის გადაიყვანეს. ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს.

როგორც ბერძნული მედიისთვის გახდა ცნობილი, სინამდვილეში ყაჩაღობა არ მომხდარა და ეჭვმიტანილი მოკლულის მეუღლეა. მის ჩვენებებში პოლიციამ წინააღმდეგობები აღმოაჩინა და ახლა ცდილობენ, სამართალდამცველების ხელთ არსებული მონაცემები გარდაცვლილის მეუღლის ჩვენებებს შეადარონ.

პოლიციამ დაადგინა, რომ ვიდეოკამერების მეხსიერების ბარათი ვიღაცამ ყაჩაღების „სახლში შესვლამდე“ 4 ან 5 საათით ადრე მოხსნა, სავარაუდოდ, თავად ოჯახის უფროსმა – ბაბის ანაღნოსტოპულოსმა.

პროკურატურა მას ბრალდებას უახლოეს საათებში წარუდგენს. „კათიმერინიმ“ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა.

20 წლის ქალის მკვლელობა ღლიკა ნერაში (Γλυκά Νερά, ქალაქი საბერძნეთში, ათენის აღმოსავლეთ გარეუბანი) 7 მარტს მოხდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილის – სამოქალაქო ავიაციის 32 წლის პილოტისა და მისი, წარმოშობით ბრიტანელი, 20 წლის მეუღლის სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ და ახალგაზრდა დედა ბალიშით გაგუდეს 11 თვის შვილის გვერდით. ოჯახის უფროსი, 32 წლის პილოტი სკამზე მიაბეს.

პირველ არაოფიციალურ განცხადებაში პილოტმა თქვა, რომ დაახლოებით დილის 4:30 სთ-ზე მათ სახლში 3 ნიღბიანი მამაკაცი შევიდა კოტეჯის უკანა მხრიდან, ფანჯრის გატეხის შემდეგ. 2 მათგანი ბერძნულად სუფთად ლაპარაკობდა, მესამე კი – ძლიერი აქცენტით. შემდეგ მათ პილოტი ხელბორკილებით სკამზე მიაბეს  და სახლის გაჩხრეკა დაიწყეს. მისივე თქმით, სკამზე მიბმულმა, გადაადგილება მოახერხა, მობილური ტელეფონის საგანგებო გამოძახების ღილაკს დააჭირა ხელი და პოლიცია გამოიძახა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ყაჩაღებმა“ 10 ათასი ევრო „წაიღეს“.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობისას საქართველოს მოქალაქე  დააკავა და სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ იგი შესაძლოა ათენის გარეუბანში, ღლიკა ნერაში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მას ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

გიორგი ჯანელიძე

ამავე თემაზე: საქართველოს საელჩო: დაკავებული ქართველი უდანაშაულოა – 20 წლის გოგოს მკვლელობა საბერძნეთში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close