Wizz Air-ი ქუთაისიდან მაისში 4 მიმართულებას ამატებს
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 4 მიმართულებით ფრენას ამატებს – ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მაისში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით ისევ შეასრულებს.
„14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი – 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.
მისივე თქმით, 18 აპრილიდან Wizz AIR-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით გამგზავრება უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.
მათივე ცნობით, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ აეროპორტების გაერთიანება კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რეისები ეტაპობრივად აღდგება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.
კომენტარები