fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ბუნდესრატმა აცრილი და კოვიდგადატანილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალური მიწების წარმომადგენლობითმა ორგანომ – ბუნდესრატმა პარასკევს, 7 მაისს მხარი დაუჭირა მთავრობის დადგენილებას ქვეყნის იმ მცხოვრებთათვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, რომლებმაც სრულად ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ან უკვე გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის კომენდანტის საათი და სოციალურ კონტაქტებზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება. ასევე, აღნიშნული პირებისთვის სავალდებულო არ იქნება კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება იმ დაწესებულებებში ვიზიტისას, სადაც ასეთი მოთხოვნა არსებობს.

მთავრობის მთავარი არგუმენტი, რომელიც ამ დადგენილების მიღებას უდევს საფუძვლად, არის რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) დასკვნა, რომ კოვიდგადატანილი ან სრულად აცრილი ადამიანები ინფექციის გავრცელებს რისკს აღარ წარმოადგენენ.

ამასთან, მიღებული დადგენილების თანახმად, აცრილი და კოვიდგადატანილი პირები პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის (1-2 მეტრი) დაცვის ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან.

მთავრობის მიერ 4 მაისს მიღებული დადგენილება ბუნდესტაგმა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტი) 6 მაისს დაამტკიცა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დადგენილება შესაძლოა გამოსასვლელ დღეებში შევიდეს ძალაში, სავარაუდოდ, კვირას, 9 მაისს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close