დაუჯერებელი ამბავი – ოჩამჩირეში 13 წლის გოგონა ცოცხლად დამარხეს, „მიცვალებული“ საფლავის ქურდებმა იპოვეს
ხალხური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილი გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაიკრძალოს: იქნებ, მიცვალებული მობრუნდესო? – ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები და თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ისე უსაფუძვლოდ. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ჩერდება – ანუ ამ დროს ეს პროცესები იმდენად შენელებულია, რომ ამის დაფიქსირება მხოლოდ სპეციალური მაღალკვალიფიციური სამედიცინო კვლევის შედეგად არის შესაძლებელი, თუმცა ესეც ყოველთვის როდი ამართლებს. მედიცინა შორს წავიდა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერებისთვის მაინც იდუმალებით მოცული, შეუცნობელი სამყაროა.
შუა საუკუნეების დიდი პოეტი პეტრარკა თურმე 20 საათის განმავლობაში იწვა უსულოდ, დასაფლავებამდე 4 საათით ადრე კი სარეცლიდან წამოდგა და მოსამსახურეები გამოლანძღა. ამის შემდეგ მან კიდევ 40 წელი იცოცხლა და თავისი საუკეთესო სონეტები შექმნა.
ბოლომდე აუხსნელი დარჩა რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის იდუმალებით მოცული სიკვდილი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, როდესაც მისი კუბო გახსნეს, მწერალი გვერდზე გადაბრუნებული ნახეს. გამოდის, რომ ის ცოცხლად დაუსაფლავებიათ (რატომღაც, ყოველთვის ეშინოდა ამის).
1972 წელს ოჩამჩირის რაიონში სოფელ ტამიშში მოულოდნელად გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი, 13 წლის გოგონა. ბავშვი დაკრძალეს, მალე აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ ყოფილა „მიცვალებული“, ბედნიერი შემთხვევის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. სოფლის მკვიდრთ დღესაც კარგად ახსოვთ ეს შემზარავი ამბავი.. დაუჯერებელი ამბავი ჟურნალ „გზაში“ 2004 წელს გამოქვეყნდა.
მას შემდეგ, 30 წელზე მეტი გავიდა, ის გოგონა ნაირა ჩახუნაშვილი დღეს უკვე ბებიაა და ცხოვრებას განაგრძობს.
– ეს ამბავი საშინელებათა ფილმს ჰგავს. ღმერთმა დიდი განსაცდელი მომივლინა, ამავე დროს, მომანიჭა იმდენი ძალაც, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი დამევიწყებინა ის ავადსახსენებელი დღე. საშინელი კომპლექსი მტანჯავდა, ავადმყოფურ აკვიატებად მექცა: მეგონა, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა – უცნობებიც კი. მინდოდა, გადავხვეწილიყავი შორს – ცხრა მთას იქით, სადაც არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მთელი ცხოვრება აჩრდილივით დამყვებოდა ბნელი მოგონებები.
ბოლოს მივხვდი, რომ მეხსიერებიდან ვერაფერს ამოვშლიდი: როცა ამას ცდილობ, უფრო ირთულებ მდგომარეობას, ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა და ფართო აუდიტორიისთვის ახლა მაინც მომეთხრო ის, რასაც წლების მანძილზე ვმალავდი – იქნებ ამით სულიერი სიმშვიდე დავიბრუნო.
ნაირა, რა იყო შენი „გარდაცვალების“ მიზეზი?
ჩემს თანაკლასელსა და უახლოეს მეგობარს მანანა კუკრეიშვილს „წითელა“ ბატონები დაემართა. ავადმყოფობა გაურთულდა და ლოგინში იწვა. თანაკლასელებმა გადავწყვიტეთ, საჩუქარი გვეყიდა და მოგვენახულებინა. იმ პერიოში დედა ჩემზე გაჯავრებული იყო და ფულის მოცემაზე უარი მითხრა. განერვიულებული ტყეში გავიქეცი და კარგა ხანს უაზროდ დავეხეტებოდი. საშინლად განვიცდიდი, ამხანაგებს რომ გამოვაკლდი, კარგა ხანს რომ ვიარე, მოულოდნელად, გზაჯვარედინზე გაშლილ „ბატონებზე“” გადალოცვილ სუფრას მივადექი.
რას წარმოადგენს „ბატონებზე“ გადალოცვილი სუფრა?
როცა ადამიანს „ბატონები“ ესტუმრა, მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება: სულ უნდა ეფერო, უკითხო სპეციალური ლოცვები, შეძლებისდაგვარად ყველაფერი შეუსრულო და, რაც მთავარია, არ უნდა გაანერვიულო. ასეთ დროს წითელბაფთებიან მამალს („ბატონებს“ წითელი ფერი უყვარს) უშვებენ ტყეში. ტრადიციის მიხედვით, გზაჯვარედინზე გამლველებისთვის ტკბილეულის სუფრას შლიან (საკლავი არ შეიძლება). ნუგბარს, ძირითადად, ბავშვები და მაწანწალები მიირთმევენ.
სუფრა რომ დავინახე, გავიფიქრე – ხილს წავუღებ და მეგობარს მოვინახულებ-მეთქი. მანანას სახლთან რომ მივედი, უკვე გვიანი იყო, მშობლებმა შინ არ შემიშვეს – ავადმყოფმა დაიძინა და ვერ გავაღვიძებთო. ამასობაში მანანასაც გამოეღვიძა და ტირილი ატეხა: ნაირა შემოვიდესო, მაგრამ ვერც მისმა ხვეწნა-მუდარამ გასჭრა. დედამისმა კარი ცხვირწინ მომიხურა.
უკან რომ მოვდიოდი, ყურში კარგა ხანს ჩამესმოდა მეგობრის ქვითინი. იმ ღამეს სახლში არ მივედი… ისევ ტყეში დავბრუნდი და გათენებამდე იქ დავრჩი. უცნაური რამ მემართებოდა: ძალიან მეშინოდა, სიმწრის ოფლი მასხამდა, მაგრამ თვითგვემა თავისებურ სიამოვნებას მგვრიდა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა და დიდი უბედურების მოახლოებას ვგრძნობდი.
მშობლები ალბათ გეძებდნენ…
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ, გამთენიისას რომ დავბრუნდი, დედა წკეპლით გამომიდგა. ვუთხარი: ამ დილას მანანას თუ არ ვნახავ, მოკვდება-მეთქი. ამ სიტყვებმა დედა უფრო გააცოფა და გამეტებით მცემა. ბოლოს, ტირილისაგან დაოსებული, ეზოში გამოვედი, ბალახებში ჩავჯექი… დანარჩენი მხოლოდ გადმოცემით ვიცი.
პირველმა მეზობლის ქალმა ნანა ოჩიგავამ დამინახა და დედაჩემს უთხრა – შენი შვილი ბალახებში წევს და არ გაცივდესო. დედას კი უყვირია – ისემც უქნია, იქვე მომკვდარაო! – მაგრამ ორ წუთში მაინც მომაკითხა. უგონოდ, მიწაზე გაშხლართული რომ დამინახა, წიოკი ატეხა. მეზობლები შეიყარნენ, სოფლის ხანდაზმულ ექიმს დომე ბართაიას დაუძახეს, რომელმაც ჩემი გარდაცვალება დაადასტურა, მანვე ჩემს სხეულზე გამონაყარი დააფიქსირა და გაირკვა, რომ „წითელა“ გადამიტანია.
ხალხი სამძიმარზე მოდიოდა. როგორც გასათხოვარს, თურმე საპატარძლო კაბა ჩამაცვეს. დედას გული მისდიოდა, მამა კი საშინელი ხმით ღრიალებდა. დედაჩემი თავს დამნაშავედ თვლიდა და ეს უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას. მან გადაწყვიტა, რაც კი ფული და ძვირფასეულობა გაგვაჩნდა, სულ ჩემთვის ჩაეყოლებინა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, უმალ გავრცელდა. კუბოში ჩემი სათამაშოები და წიგნებიც ჩააწყვეს. თურმე მეზობლები ლაპარაკობდნენ – რად უნდა ამდენი რამე, საცოდავი ბავშვი იქ მაინც დაასვენონო…
საღამოს 7 საათისთვის დაკრძალვის ცერემონია დასრულებული იყო. დასავლეთ საქართველოს სოფლებში ასეთი წესია: ჯერ სუფრასთან სხდებიან და მერე კრძალავენ მიცვალებულს…
გონს როდის მოხვედი?
ზუსტად რა დრო იყო, ვერ გეტყვით. სასაფლაოზე უკვე აღარავინ იყო – მართლაც, სამარისებური სიჩუმე სუფევდა, უკუნეთი სიბნელე კი გაუსაძლისს ხდიდა ჩემს მდგომარეობას – სწორედ ასეთი წარმომედგინა სამარე. გონება თითქოს დაბინდული მქონდა და მოვლენების რეალურად აღქმის უნარი დამკარგვოდა – ალბათ, ამან გადამარჩინა იმას, რომ ჭკუიდან არ შევიშალე, თუმცა ყველაფერი მაინც უფლის ნება იყო…
მეგონა, ღამე იყო და საკუთარ საწოლში ვიწექი, სუნთქვა უფრო და უფრო მიძნელდებოდა, ვიგუდებოდი… წამოდგომაც ვცადე, მაგრამ თავი სახურავს ავარტყი. შორიდან უცნაური ხმა მომესმა, ის თანდათან ძლიერდებოდა. ცოტა ხანში კი, ტკივილი ვიგრძენი და ვიკივლე. ამ დროს საიდანღაც ჰაერის ნაკადი შემოვიდა და ცოტა შვება მომეცა.
…როგორც უკვე გითხარით, კუბოში ოქრო და ფული ჩამაყოლეს. ხომ იცით ხალხის ამბავი: ყველაფრის გაზვიადება და გაბუქება უყვართ. ჭორაობდნენ, მიცვალებულს აურაცხელი სიმდიდრე ჩააყოლესო, თურმე საოცრად მდიდრები ყოფილან და რა ოსტატურად ინიღბებოდნენო…
მეზობელ სოფელში ყველაფერზე წამსვლელი ქურდბაცაცა ბიჭები ცხოვრობდნენ და მათ ჩემი საფლავის გაძარცვა გადაწყვიტეს. როგორც კი მოსაღამოვდა, ნიჩბებითა და ბარებით შეიარაღებულები მოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, როცა ერთ-ერთის ნიჩაბი კუბოს თავსახურს მოხვდა და გაბზარა. ნაპრალი ისეთი ზომის იყო, რომ ჰაერის მცირე ნაკადი თავისუფლად შემოდიოდა.
ნიჩბის ბასრი პირი კი მკლავზე მომხვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდათ მძარცველებს, კუბოდან განწირული კივილი რომ მოესმათ?! შიშისგან თავზარდაცემულებმა ყველაფერი იქვე მიატოვეს და უკანმოუხედავად გაიქცნენ.
მათი ვინაობა თუ გაირკვა?
რა თქმა უნდა. ერთ-ერთს, მერაბს იმ ღამეს ინფარქტმა დაარტყა. მათ მიმართ მხოლოდ მადლიერების გრძნობა მაქვს, ისინი რომ არა, რა დამემართებოდა, ამის წარმოდგენაც კი მზარავს… მოგვიანებით ყველანი გავიცანით და მათთან ახლაც ვმეგობრობ. ისინი დღესაც ვერ მისწორებენ თვალს. მას შემდეგ ბიჭები პატიოსან გზას დაადგნენ, ერთი მათგანი დღეს ეკლესიის მოძღვარია.
ქურდები რომ გაიქცნენ, მერე რა მოხდა?
დილით სასაფლაოს დარაჯმა ამოთხრილი მიწა და დაყრილი ნიჩბები რომ დაინახა, იფიქრა, სასაფლაო გაუძარცვავთო და ჩემს ოჯახს შეატყობინა. დანაშაულის ადგილზე მთელი სოფელი შეიკრიბა. ხალხი მათ საჯაროდ დასჯას მოითხოვდა… მესაფლავემ კუბო რომ გახსნა, მომენტალურად გაჭაღარავდა…
სასწაულის მომსწრე მთელი სოფელი გახდა: „სასახლიდან“ რომ ამომიყვანეს, ფეხებს ძლივს ვდგამდი, მეგონა, საშინელი კოშმარი მესიზმრებოდა და გამოღვიძებას ვნატრობდი… იმ დღიდან მეტყველების უნარი დავკარგე და 6 წელი „ენა არ მქონდა“, როგორც მატყობთ, გამართულად ახლაც ვერ ვლაპარაკობ… ჩვენს ოჯახში მწუხარების სუფრა ბედნიერების სუფრამ შეცვალა: მთელი სოფელი ჩემს „გაცოცხლებას“ ზეიმობდა. რაც შეეხება ექიმ ბართაიას, რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ ნაცნობების დამოკიდებულება თუ შეიცვალა შენ მიმართ?
უმეტესობა ფიქრობდა, რომ „იმქვეყნიდან“ მოვბრუნდი. ისინი ვერ იგებდნენ (ან არ სურდათ გაეგოთ), რომ მე ექიმის შეცდომის მსხვერპლი გავხდი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ არცერთი ადამიანი არ არის დაზღვეული მსგავსი შემთხვევისგან. იმ დღიდან ყველა რადიკალურად შეიცვალა ჩემ მიმართ. როგორც მოჩვენებას, ისე მიყურებდნენ, ჩემთან შეხვედრას გაურბოდნენ. არავინ მეკარებოდა და თავს მარტოსულად ვგრძნობდი.
მხოლოდ უახლოესი ადამიანები დარჩნენ ჩემს გვერდით, თუმცა ისინიც შეიცვალნენ თავისებურად: აღარ მიყვიროდნენ, ზედმეტად მიფრთხილდებოდნენ. მე კი ეს მაღიზიანებდა, მერჩივნა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. რადგან ბავშვებს ჩემი ეშინოდათ, სკოლაში სიარულს თავი დავანებე. შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ყოფილ პედაგოგებს – ლუბა ჭანტურიას და სანდრო შურღაიას, რომლებიც სახლში მიტარებდნენ გაკვეთილებს. 9 კლასი მათი წყალობით დავამთავრე.
სასწაულის შემდეგ თუ მოხდა რაიმე ცვლილება, ფსიქიკაზე თუ დატოვა კვალი?
„გარდაცვალებამდე“ ძალიან მშიშარა ვიყავი, კატისაც მეშინოდა. იმ დღის შემდეგ კი აბსოლუტურად შევიცვალე – აღარაფრის მეშინოდა, თითქოს ერთ დღეში დავბერდი: მხიარული, ცელქი ბავშვისგან, სევდიან, გულჩათხრობილ „ქალად“ ვიქეცი. საოცარი ინტუიციის გრძნობა გამიჩნდა, ბედნიერებასა და უბედურებას წინასწარ ვგრძნობდი.
ხშირად გამოცხადებაც მაქვს; სამედიცინო ენით ალბათ ამას ჰალუცინაციებს უწოდებენ – რაც გინდათ დაარქვით, მთავარი ის არის, რომ ამის წყალობით თავიც განვიკურნე და სხვებსაც ვმკურნალობ. უხილავი ხმა წამლების კეთებას მასწავლის, ზოგჯერ ვიზუალურადაც ვხედავ „მასწავლებელს“…
იმ ავადსახსენებელი დღიდან 6 წლის შემდეგ საღამოხანს, მინდორში მივდიოდი და გზად თეთრ სამოსში გამოწყობილი 3 მამაკაცი შემომხვდა. ესა და ეს ბალახი მოკრიფეო – მასწავლიდნენ. შინ რომ მიხვალ, მისგან ნაყენი დააყენე და ერთი თვის მანძილზე სვიო. მითითებები ზედმიწევნით შევასრულე… როგორც პატარა ბავშვი იწყებს ლაპარაკს, მეც ასევე ერთი თვის მანძილზე ბგერა-ბგერის წარმოთქმით ამოვიდგი ენა…
ნაირა, ცოცხლად დამარხვის სხვა შემთხვევებზეც თუ გსმენია რამე?
მსოფლიოში საუკუნეების მანძილზე რამდენი გახსნილი თუ გაუხსნელი შემთხვევა იქნებოდა, ვინ მოთვლის? მინდა მხოლოდ იმ შემთხვევებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათწლეულების მანძილზე დაფიქსირდა. ერთი ხანობა ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამ თემით და დიდი ინტერესით ვკითხულობდი შესაბამის ლიტერატურას.
მოგეხსენებათ, საბჭოთა კაშვირში ბევრი რამ აკრძალული იყო, ასეთ საკითხებზე არ წერდნენ, არც ინტერნეტის საშუალება იყო მაშინ. ამიტომაც ამგვარი ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ძირითადად, უცხოურ გამოცემებს ვეყრდნობოდი (მითარგმნიდნენ ხოლმე), ქვას გავხეთქავდი და მაინც მოვიპოვებდი ხოლმე ჩემთვის საინტერესო მასალას.
მიზნად დავისახე, საქართველოში აღმომეჩინა ადამიანები, რომლებმაც იგივე გადაიტანეს, მომეძებნა და მათთან კონტაქტი დამემყარებინა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მიზანს მივაღწიე და ჩვენს ქვეყანაში 3 ასეთი ადამიანი ვიპოვე, გავიცანი და დავუმეგობრდი კიდეც. სამივე შემთხვევა 20-30 წლის წინ მოხდა.
შემდგომი ცხოვრება როგორ წარიმართა? ოჯახზეც მოგვიყევი.
19 წლის ვიყავი, როცა 45 წლის ვანელმა კაცმა (გვარად ჩახუნაშვილმა) მომიტაცა. ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევია. ეს არასდროს დამვიწყებია და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიყავი. ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, სამწუხაროდ, 3 წლის წინ გარდაიცვალა.
მყავს 4 შვილი – ორი ქალი და ორი ვაჟი. გოგონები გათხოვდნენ და 4 შვილიშვილი მაჩუქეს. ოჯახს დიდი ძალა აქვს, მან გადამატანინა სულიერი კრიზისი და დეპრესიისგან მიხსნა. სხვათა შორის, ოთხივე შვილი საკუთარ სახლში, ყოველგვარი დახმარების გარეშე (მხოლოდ მეუღლე მეხმარებოდა) გავაჩინე. რამდენჯერაც სამშობიაროში წამიყვანეს, იმდენჯერ გამოვიპარე: მას შემდეგ, რაც ექიმის შეცდომის გამო ცოცხალი მიმაბარეს მიწას, ექიმების მიმართ უნდობლობა გამიჩნდა, მათთან საქმის დაჭერას ვერიდები.
არც ჩემი შვილები და შვილიშვილები ყოფილან ექიმთან, თუ რამე გაუჭირდებათ, საკუთარი რეცეპტებით ვმკურნალობ. წამლების შემადგენლობას საიდუმლოდ არ ვინახავ, ავადმყოფს რომ ეს დავუმალო, უფალი არ მაპატიებს!
სხვათა შორის, ადამიანებს აბსოლუტურად უანგაროდ, არა მხოლოდ წამლებით, არამედ რჩევებითაც ვეხმარები. მაგალითად, ფეხმძიმე ქალებს ვურჩევდი (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი), ბავშვი რომ ჯანმრთელი დაიბადოს, მთელი ცხოვრება სატკივარი არ ჰქონდეს, პირველად რომ მუცელში ნაყოფი გაინძრევა, თუ დღეა, მზეს შეხედონ, თუ ღამეა – მთვარეს…
plus.kvira.ge
კომენტარები