მედიცინაპოლიტიკა

ჯო ბაიდენი – 92-ე დღეა, პრეზიდენტი ვარ და აშშ-ის 200 მილიონი მოქალაქე ავცერით

აშშ-ში ვაქცინაცია 200 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ნიშნულამდე მიღწევა მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში მოხერხდა.

ბაიდენის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების გამო, აშშ-ში ხანდაზმულთა გარდაცვალების შემთხვევები კლებულობს.

„თავდაპირველად ვგეგმავდი, რომ აშშ-ში 100 მილიონი ადამიანის აცრას ჩემი პრეზიდენტობის 100 დღეში მოვახერხებდით, თუმცა ამ ნიშნულს მარტში მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ დავისახე მიზნად 100 დღეში 200 მილიონი ადამიანის აცრა. დღეს მე 92-ე დღეა, პრეზიდენტი ვარ და ჩვენ 200 მილიონი მოქალაქე ავცერით“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამჟამად აშშ-ის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს უკვე შეუძლია, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ გაიკეთოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი სხვა ქვეყნებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების საკითხს განიხილავს.

„იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებს დავეხმარებით. ეს თემა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრიუდოსთან განვიხილეთ ტელეფონით. თუმცა საუბარია სხვა ქვეყნებზეც. მათ შორის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებს. ეს ყველაფერი განხილვის პროცესშია. ჯერ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით ვაქცინა, რომ დარწმუნებული ვიყოთ და ისინი საზღვარგარეთ გავგზავნოთ, თუმცა ველოდები, რომ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ აღრიცხულია კოვიდინფიცირების 31,8 მილიონი შემთხვევა, გარდაცვლილია 568 ათასზე მეტი ინფიცირებული.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close