საზოგადოება

ოზურგეთში 3 დღის წინ დაკარგული 17 წლის გოგონა უცნობმა პირმა თბილისში იპოვა

გურიაში დაკარგული გოგონა, 17 წლის მარიამ ბურჭულაძე, პოლიციამ თბილისში იპოვა.

სამართალდამცველებმა ინფორმაცია გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ უცნობი ადამიანისგან მიიღეს, რომელმაც პოლიციაში დარეკა.

„გურიის მოამბის“ ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ დაკარგული გოგონა ქუჩაში იცნო, სახლში წაიყვანა და შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას ჩააბარა. მოზარდი ამ დროისთვის უკვე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

17 წლის მარიამ ბურჭულაძეს 3 დღე ეძებდა ოჯახი და პოლიცია. გოგონა ბოლოს მასწავლებელმა ნახა, რომელმაც თქვა, რომ უცნაური არაფერი შეუნიშნავს. 

დედის თქმით, კარადაში, სადაც გაუჩინარებული მოზარდი თავის სასკოლო ნივთებს ინახავდა, მარიამის ხელით ინგლისურად დაწერილი 2-გვერდიანი წერილი იპოვეს.

„ვინ ჩაახშობს ხმას ჩემს თავში?“ – წერია წერილში, რომელშიც მოზარდი თავის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, წერილში გოგონა თითქოს წერს, 7-ს თუ არა, 6 ადამიანს მაინც მოვკლავო და ინიციალებსაც უთითებს, თუმცა მის ბიძას ეს ყველაფერი სისულელედ მიაჩნია: „რა მკვლელობა, რას ამბობთ… ჰაეროვანი, მიწაზე არ აბიჯებს, ეს ისეთი ბავშვია“, – ამბობს იგი „რუსთავი2“-ის გადაცემა „კურიერთან“ საუბარში. მარიამის დედა ვარაუდობს, რომ ჩანაწერი ახალი არ არის და გოგონამ ის დიდი ხნით ადრე დაწერა.

ფოტო: Facebook

სოფელ შემოქმედის სკოლაში ჰყვებიან, რომ მარიამი კომუნიკაბელური არ არის, გოგონას სკოლაში ახლო მეგობრები არ ჰყოლია. „სულ ტელეფონში იყო თავჩარგული, ალბათ რაღაც თამაშს თამაშობდა“, – ამბობს ერთ-ერთი თანაკლასელი.

მარიამ ბურჭულაძე ვიდეოკამერებმა ოზურგეთი – ქობულეთის გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა, სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი დაიკარგა. როგორ ჩამოვიდა იგი თბილისში, ჯერჯერობით უცნობია. მასწავლებლების და დედის მტკიცებით, იმ დღეს, როცა დაიკარგა, მარიამს მობილური თან არ ჰქონია; დედა ამბობს, რომ გაუჩინარებამდე 10 დღით ადრე მას პირადი ტელეფონი გაუტყდა და ვეღარ იყენებდა, მიუხედავად ამისა, კურიერის ინფორმაციით, ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო ვიდეოკამერამ გადაიღო, ჩანს, რომ გოგონა მობილური ტელეფონით საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს თამაშობდა, თუმცა ნაწილი ამ ვერსიას არ ეთანხმება. ახლობლები მოზარდზე ოჯახში ან სკოლაში ზეწოლასაც გამორიცხავენ.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა მიზეზი, რატომ დატოვა მოზარდმა სახლი და რა უნდოდა თბილისში, თუმცა რაც არ უნდა იყოს, მთავარი ერთია – იგი ცოცხალი და უვნებელია და ახლა უკვე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რამდენად მოსაფრთხილებლები არიან მოზარდები და რამხელა სითბო, ყურადღება და თანაგრძნობა სჭირდებათ მათ, განსაკუთრებით ასეთ რთულ ეპოქაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close