fbpx
პოლიტიკასაქართველო

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

პარტიის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მივიდნენ

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„გირჩის“ წევრებმა – სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი ფეისბუქლაივის დროს მოაწერეს.

„ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თქვენც შეგიძლიათ, მოგვბაძოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. ამასთან, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ – საუბარია ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ „გირჩის“ წარმომადგენლები – ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია  დღეს საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ისინი პარლამენტის შენობაში იმ შვიდი საკითხისთვის იბრძოლებენ რომელიც „გირჩს აწუხებს.

„… იქნება მთავარი შვიდი საკითხი, რომელზეც „გირჩი“ იბრძოლებს ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც, როგორც მოუწევს, იმის მიხედვით, ჩვენ ვიბრძოლებთ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც არის მითითებული „გირჩის გზაში“. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განმარტებით, პარლამენტის დარბაზში შევლენ, თუ პირველ რიგში, ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს ან „გირჩის“  შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი მაინც დაკმაყოფილდება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close