პოლიტიკასაქართველო

როდის და რა შემთხვევაში უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები – რა წერია შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტი არის საბოლოო და მხარეების გადაწყვეტილებას მოელის

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს  – შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი ვერსია 31 მარტს წარმოდგენილ დოკუმენტში ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს აზუსტებს – საკითხს მართლმსაჯულების პოლიტიზებულ აღქმასთან დაკავშირებით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობას (როგორც ცნობილია, 31 მარტის დოკუმენტს  „ქართულმა ოცნებამ“ ხელი გუშინ მოაწერა).

კერძოდ, ახალ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა, წერია:

მართლმსაჯულების პოლიტიზებულ აღქმასთან დაკავშირებით

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში პარლამენტში წარმოდგენილი მხარე იწყებს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ. უფრო მეტიც, პარლამენტი პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმას განიხილავს კანონმდებლობით და რეგლამენტში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანით, პარლამენტის იმუნიტეტის მოხსნისთვის უბრალო უმრავლესობის ბარიერის მოთხოვნით.

მომავალი არჩევნები

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადების შემდეგ, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მიღებული პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

„მხარეები ითვალისწინებენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება.

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია დოკუმენტის მეხუთე პუნქტში.

შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე (ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას) უნდა განიხილონ.

გიორგი რურუასთან დაკავშირებით დოკუმენტში ამნისტიასთან ერთად ჩადებულია შეწყალების მექანიზმიც და შესაძლებელია იგია პირდაპირ პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდეს.

დოკუმენტის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით 18 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველი პარტიის გარდა ყველა სხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ წინადადება არის საბოლოო და ევროკავშირი ელის მხარეების გადაწყვეტილებას ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების უმეტესობა აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არის საგრძნობლად გაუმჯობესებული და შიდა კონსულტაციების შემდეგ თავიანთ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, თუმცა ზოგიერთისთვის ვადამდელი არჩევნების გამართვის პირობად თვითმმართველობის არჩევნების შედეგები  მიუღებელია. ისინი იმედოვნებენ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ერთიანი პოზიცია იქნება.

ჯერჯერობით გაურკვეველია „ქართული ოცნების“ პოზიცია – ქართული ოცნების წინადადება იყო, რომ რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ადგილობრივ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას მმართველი გუნდი, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მათ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ.

მისივე თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე და 43 პროცენტზე მან ინფორმაცია ამ საღამოს „ექსპრომტად შეიტყო“.

„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი წინადადება, მისი აზრით, დაბალანსებული და რეალისტურია.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტის ახალ ვერსიას.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close