მედიცინა

ასთმის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა კოვიდის მკურნალობაში გარღვევა აღმოჩნდეს – ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა

სტეროიდი, სახელწოდებით ბუდესონიდი, რომელიც გამოიყენება ინჰალატორებში ბრონქული ასთმით დაავადებულებისათვის, ეფექტიანია COVID-19-ის სიმპტომების მოსახსნელად დაავადების ადრეულ სტადიაზე. ამის შესახებ საუბარია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში. 

მეცნიერების მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ბუდესონიდს დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე იღებენ, უფრო იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და მათი გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფად ხდება. ამასთან, COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა უფრო მალე იხსნება, ვიდრე იმ ავადმყოფების შემთხვევაში, რომლებსაც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდა 146 ზრდასრული პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით, რომლებიც მათ კვლევის დაწყებიდან არაუადრეს ერთი კვირის წინ გამოუვლინდათ. კვლევის მონაწილეთა უმეტესობა ბუდესონიდს დღეში ორჯერ იღებდა მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები მთლიანად არ გაქრა. კვლევის მონაწილეთა მეორე ნაწილი ტრადიციულად მკურნალობდა მათი ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. შედეგად, პირველ ჯგუფში მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის 73 მონაწილეს შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 10-ის შემთხვევაში გახდა აუცილებელი.

სტეროიდები COVID-19-ის დროს ანთების რისკს ამცირებენ

DW-სთან ინტერვიუში დოქტორი ქლოე ბუმი, რომელიც გულის და ფილტვის დაავადებების ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ნაციონალური ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტზე  კვლევებით არის დაკავებული, ამბობს, რომ კორტიკოსტეროიდები ეფექტიანია  COVID-19-ის მკურნალობისას და ეს შეიძლება ბიოლოგიური მიზეზებით აიხსნას. უნდა ითქვას, რომ ქალბატონი ბლუმი ოქსფორდის უნივერსიტეტის ზემოხსენებულ კვლევაში არ მონაწილეობდა.

ექსპერტის თქმით, ისეთი კორტიკოსტეროიდები, როგორიც, მაგ., დექსამეტაზონია, უკვე ეფექტიანად გამოიყენება სამკურნალოდ COVID-19-ის გართულებების დროს. იგი ვარაუდობს, რომ ეს პრეპარატები ანთების რისკს ამცირებენ, რომელიც კოვიდის მძიმე მიმდინარეობისას ვითარდება. სავარაუდოა, რომ ბუდესონიდიც ანალოგიურ ზემოქმედებას ახდენს, ოღონდ უფრო ლოკალურად.

ინჰალატორებში გამოყენებული სტეროიდების მეორე პოზიტიური ეფექტი, მეცნიერთა მონაცემებით, არის ის, რომ მცირდება  კორონავირუს SARS-CoV-2 -ის ფილტვებში მოხვედრის რისკი ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ასეთი პრეპარატები ორგანიზმში კორონავირუსის  გამრავლებას უშლიან ხელს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევების ერთ-ერთი ავტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილტვის მედიცინის განყოფილების დოცენტი დონა ბაფადჰელი ხაზს უსვამს, რომ ეს სტეროიდი ძვირი არ არის და ფართოდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე, შედარებით უსაფრთხო პრეპარატია. ექსპერტის თქმით, კოვიდ-19-ის ადრეულ სტადიაზე მისი გამოყენება საავადმყოფოებს განტვირთავს, სადაც პაციენტები კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გართულების გამო ხვდებიან.

გერმანიაში ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევას მაღალი შეფასება მისცა რამდენიმე ექსპერტმა. დეპუტატმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ყოფილმა ეპიდემიოლოგმა კარლ ლაუტერბახმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მას შეუძლია „კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია“, მათ შორის, იმიტომაც, რომ კოვიდ-19-ის ადრეულ სტადიაზე მკურნალობის შესაძლებლობას განსაზღვრავს.

თავის მხრივ, ჯანმოს პროგრამების გენერალურმა დირექტორმა სუმია სვამინათანმა კვლევის შედეგებს „იმედისმომცემი“ უწოდა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების  ამბოლატორიული მკურნალობის შესაძლებლობების შესწავლა უნდა გაგრძელდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close