საზოგადოებასაქართველო

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ნამოხვანში ადიდებულ რიონში გადახტა, ამ დრომდე ეძებენ

30 წლამდე მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელიც 10 აპრილს ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა, ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში იმ ადგილას მოხდა, სადაც ჰესის მშნებელობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი. მაშველები მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ოპერაციაში მყვინთავებიც მონაწილეობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ „პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით“.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, სამაშველო ოპერაციას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნამოხვანში შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა მეგობართან ერთად და მას კარგად არ იცნობდნენ. მათივე თქმით, მან თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცათ, რის შემდეგაც ადიდებულ რიონში გადახტა.

იქვე მყოფებმა ახალფაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა მდინარის სიღრმისკენ გაცურა და იგი დინებამ წაიღო.

სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close