საზოგადოებასაქართველო

ნამოხვანში ჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ახალგაზრდა მამაკაცმა ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს გადასცა და ადიდებულ რიონში გადახტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე საათის წინ ადიდებულ რიონში გადახტა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტების ინფორმციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან ერთად ნამოხვანში, სავარაუდოდ, გუშინ, თბილისიდან ჩავიდა და კარავში მხოლოდ ერთი ღამე გაათია. მათივე თქმით, ახალგაზრდა კაცს კარგად არ იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით,  მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და დაუბარა, რომ ტელეფონი მისი მეგობრისთვის მიეცათ, რის შემდეგაც ადიდებულ რიონში გადახტა.

იქვე მყოფებმა ახალგაზრდის გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა მდინარის სიღრმისკენ გაცურა და იგი დინებამ წაიღო. ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე არ უპოვიათ.

„სრულიად მოულოდნელად მოხდა. ნაპირთან იდგა ორი ადამიანი. ერთ კაცს მისცა ტელეფონი, ჩემს მეგობარს გადაეციო, გადახტა წყალში და გაცურა. რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა.

მისივე თქმით, ნამოხვანში გარდაცვლილი, ერთ მეგობართან ერთად, 8 აპრილის საღამოს ჩავიდა და იქ მყოფებს ეხმარებოდა.

„გაცნობაც ვერ მოვასწარით. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცით“, – ამბობს მარიტა და განაგრძობს: „ორი ახალი რომ მოვიდა, ვუთხარი დანარჩენებს, რომ მიექციათ ყურადღება. ხომ შეიძლება აგრესიული იყოს ადამიანი?! არაფერი გამომწვევი არ უქნია. საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ“.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იგი ინციდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან დღეს თბილისში წამოვიდა რამდენიმე აქტივისტთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მონაწილეობის მისაღებად.

სოფელ ნამოხვანთან, მდინარეში მაშველები ძებნას აგრძელებენ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამუშაოებში ჩართეს ნავებიც.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

„პრაიმტაიმი“ წერს, რომ თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. გამოცემის ცნობით,შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა და, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close