იტალიასაზოგადოება

იტალიაში მოსწავლეები მერხთან სწავლას უბრუნდებიან

გუბერნატორები 20 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქების დაწყებას მოითხოვენ

7 აპრილიდან იტალიის საშუალო სკოლების მოსწავლეები შეძლებენ, მერხთან სწავლას დაუბრუნდნენ. ამის შესახებ განცხადებას იტალიის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ეს ეხება ე. წ. წითელ ზონებსაც, სადაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ადრე ასეთ რეგიონებში მხოლოდ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იყო გახსნილი. ოთხშაბათიდან კი ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლა შეუძლიათ განაახლონ საშუალო სკოლების იმ მოსწავლეებმაც, რომლებიც დისტანციურ სწავლას, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ახერხებენ.

რეგიონებში, სადაც შედარებით ნაკლებად მკაცრი შეზღუდვებია, მერხებთან სწავლას შეიძლება საშუალო სკოლების მოსწავლეთა 50-75% დაუბრუნდეს.

იტალიის უმეტეს რეგიონში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყო სხვადასხვა პროფილატიკური ღონისძიების გათვალისწინებით  – დაწყებული ერთადგილიანი მერხებიდან, ყველა ოთახის და სათავსოს რეგულარული დეზინფექციით დამთავრებული. მაშინ მითითებული იყო, რომ პერსონალის გარდა სკოლის მოსწავლეებსაც უნდა ეტარებინათ ნიღბები, ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში, როდესაც კლასის გარეთ იმყოფებოდნენ.

ნოემბრის დასაწყისში კი იტალიის სკოლებში პირბადის ტარების მოთხოვნა გამკაცრდა – მისი მოხსნა იკრძალება ყველგან, კლასშიც და კლასგარეთაც. რეგიონების ნაწილმა ყველა მოსწავლე, უმცროსკლასელების გარდა, დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა. 2021 წლის გაზაფხულზე დისტანციურად სწავლობს საშუალო სკოლების თითქმის ყველა მოსწავლე და უმაღლესი სასწავლებლების თითქმის ყველა სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რეგიონში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების ფონზე, ცენტრალურ მთავრობასთან შეუთანხმებლად დაკეტეს სკოლები და ყველა მოსწავლე სახლში გაუშვეს – დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, თუმცა გასულ კვირაში მიღებული დეკრეტით, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი სკოლებში სწავლის განახლებას ეხება, რეგიონებს ეკრძალებათ ამ კუთხით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და დაწყებითი კლასების მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა.

ამავე დეკრეტის თანახმად, იტალია 30 აპრილამდე წითელ-ნარინჯისფერი რჩება და ყვითელი ზონები არ იქნება, თუმცა გამონაკლისის დაშვებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რომელიმე რეგიონში მკვეთრად გაუმჯობესდება. ამის მიუხედავად რეგიონების პრეზიდენტები მთავრობას მოუწოდებენ, ანტიკორონავირუსული შეზღუდვების თანდათან მოხსნა უკვე 20 აპრილიდან დაიწყოს.

თუ სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ინფექციის გავრცელება მცირდება, 2021 წლის მაისში შესაძლებელია მუშაობა განაახლოს ყველა იმ ბიზნესმა, რომელთა მიმართაც უკვე ერთი წელია, შეზღუდვები მოქმედებს, მაგ., როგორიცაა სპორტდარბაზები – მიაჩნიათ გუბერნატორებს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას დღევანდელი დადგენილებით, იტალიიდან მოქალაქეთა გასვლაზე შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა, ხოლო საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, სავალდებული 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

დღეს საღამოს მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ( წინა დღით – 18 025), მთლიანობაში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით) 3 768 944-ს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6%-ზე მეტია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ 102 795 ტესტი ჩატარდა (წინა დღით – 250 933) და პოზიტიურობის მაჩვენებელიც გაიზარდა 10,4%-მდე (წინა დღით 7,1% იყო)

ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ის გამო კიდევ 296 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღით – 326) და კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 111 326-ს მიაღწია.

რაც შეეხება აცრას, პირველი და მეორე დოზა უკვე მიიღო 3 463 295-მა ადამიანმა, რაც  იტალიის მოსახლეობის 5,75%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო პერსონალის 68,17% პროცენტს პირველი აცრა უკვე გაუკეთეს. მედიცინის მუშაკებიდან პირველი დოზით აცრილია 91,67%, ორივე დოზით კი – 76,28%. იტალიაში ამჟამად აცრისთვის „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ პრეპარატებს იყენებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close