პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2 წლით გახანგრძლივდა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის: საქართველოს მოქალაქეობადაკარგულ პირებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება ექნებათ, განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით 2022 წლის 31 დეკემბრამდე გააკეთონ.

1993 წლამდე დაბადებულ პირებსაც, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამავე ვადაში ეძლევათ შესაძლებლობა, მოაწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობადაკარგულ პირებს მოქალაქეობის აღდგენის უფლება, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებითი უფლება 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ (2018 წლის 21 ივლისიდან). ცვლილებების კანონპროექტის თანახმად კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და უკვე ინიცირებულია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი 2018 წელს 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ ისარგებლა.

„მხედველობაშია მისაღები, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან ამ უფლებებით სარგებლობით დაინტერესებულ პირთა ნაწილს არ ჰქონდა არც საქართველოს საკონსულოსთვის მიმართვის და არც სააგენტოსთან ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობა, რადგან ეს უკანასკნელი სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის ფლობას საჭიროებს.

შესაბამისად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება“, – აღნიშნულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close