fbpx
პოლიტიკასაქართველო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მისივე თქმით, ამის მიზეზი გახდა გუნდში შეთანხმების მიუღწევლობა ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან, საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი თითოეული ჩვენი მოქალაქის და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ხვალ დაასახელებენ.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ან საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არ აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მყარად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტ-საბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close