fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა ათენის და მთლიანად ატიკის ოლქის სრულად ჩაკეტვისთვის ემზადება

დღეს, საბერძნეთის დროით 13 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით 15:30) საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი თათბირს მართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი, მოქალაქის დაცვისა და კრიზისების მართვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი, პროფესორი სოტირის ციოდრასი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (ΕΟΔΥ) ხელმძღვანელი პანაიოტის არკუმენეასი.

შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება განაპირობა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის მიერ მედიაში გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც,ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. ამ თვალსაზრისით ვითარება განსაკუთრებით დამძიმებულია ქალაქ ათენსა და მთლიანად ატიკის ოლქში.

კიკილიასის განცხადებით, თუკი დღევანდელი მონაცემები სიტუაციის გაუმჯობესებას არ აჩვენებს, მისი რეკომენდაცია იქნება, ატიკის ოლქში გამოცხადდეს სრული ლოქდაუნი, როგორც ეს გასული წლის მარტში მოხდა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა ძალას იკრებს და საფრთხეს უქმნის საბერძნეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს. ფინანსთა მინისტრის, ხრისტოს სტაიკურას განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა გასწიოს შესაბამისი ხარჯები, რაც თვეში 3 მილიარდ ევროს შეადგენს.

განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას მთავრობა გაითვალისწინებს, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების მართვაზე.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close