მსოფლიოსაზოგადოება

რუმინეთში ჩვილი ბავშვის დაღუპვის გამო ითხოვენ, ცივი წყლით ნათლობის რიტუალი შეიცვალოს

რუმინეთის ეკლესიის მღვდელს, ალექსანდრუ მაზარაკეს, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა და საეკლესიო მსახურება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მის მიერ ჩატარებული ნათლობის რიტუალის შედეგად ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა. მღვდელმა ხელში აყვანილი ჩვილი წყალში სამჯერ შთაფლა.

„განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული პირის მიმართ, რომელსაც მიენიჭა ეჭვმიტანილის სტატუსი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი პუნქტით“, – განაცხადა რუმინეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, ანა პანჩუკმა.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, შემთხვევა პირველ თებერვალს მოხდა სუჩავაში. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ჩვილი ცივ წყალში სამჯერ შთაფლეს, რის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვილს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა გათიშული, რის გამოც მისი გადარჩება ვეღარ მოხერხდა.

ამ ტრაგიკულმა ინციდენტმა, რომელიც რუმინეთში პირველი შემთხვევა არ არის, დიდი პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. დაახლოებით, 60 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც რუმინეთის საპატრიარქოს ბავშვების ნათლობისას წყალში შთაფვლის წესის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ამგვარ რეფორმას მხარი დაუჭირა გავლენიანმა არქიეპისკოპოსმა კალინიკემ, არგეშის ეპარქიის წინამძღოლმა, რომელმაც რუმინულ საიტ Adevarul-ს უთხრა, რომ „ბავშვების წმინდა წყალში შთაფვლის პრაქტიკა უნდა გადაისინჯოს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც შენარჩუნდება ნათლობის საიდუმლო და თავიდან ავიცილებთ უბედურ შემთხვევებს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ტრანსილვანიაში მოღვაწეობდა, იგი ნათლობის დროს ცივ წყალში ბავშვებს მხოლოდ ფეხებს აყოფინებდა და სახეზე კი მხოლოდ ნაკურთხ წყალს ასხურებდა.

მაგრამ რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ბევრი ეწინააღმდეგება მონათვლის დროს წყალში შთაფვლის წესის შეცვლას.

„ამ რიტუალს ჩვენ არასოდეს შევცვლით. ნათლობის რელიგიური წესები 1000-ზე მეტი წლის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ მათი შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ“, – განაცხადა რუმინეთის ეკლესიის ტომისის არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთ გავლენიან ინსტიტუტად ითვლება, თუმცა მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა კორონავირუსის ეპიდემიის საკითხში გამოვლენილი რადიკალური პოზიციის გამო. შარშან მარტში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის მიუხედავად ქალაქ კლუჟის ეკლესიაში მღვდლები კვლავ აგრძელებდნენ ერთი კოვზით მრევლის ზიარებას, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა.

ასევე ლამის პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა აღდგომის წინ გაფორმებული სადავო შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შორის.

ამ შეთანხმების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს სააღდგომო წმინდა ცეცხლი და სააღდგომო პასკები სახლებში უნდა დაერიგებინათ 65 წელზე მეტი ხნის ადამიანებისათვის, რომლებსაც, საგანგებო წესების შესაბამისად, მხოლოდ ორი საათით ჰქონდათ სახლიდან გამოსვლის უფლება.

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმება გააკრიტიკა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, რომელიც კათოლიკეა.

რუმინეთის პრეზიდენტმა შარშან განაცხადა, რომ ასეთ რამეზე არ უნდა მოცდნენ სამხედროები, რომელთაც, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად შემოღებული საგანგებო მდგომარეობის თანახმად, ისედაც ბევრი სამუშაოს გაკეთება უხდებოდათ სამოქალაქო ხელისუფლების მხარდასაჭერად.

პრეზიდენტის ამ კრიტიკის შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული შეთანხმება შეიცვალა და პოლიციელებსა და სამხედროებს აღარ მიუღიათ მონაწილეობა მოსახლეობისთვის წმინდა ცეცხლის დარიგებაში.

კობა ლიკლიკაძე

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close