მსოფლიოპოლიტიკა

მომდევნო დღეებში აშშ-ის 50-ვე შტატში შეიარაღებული საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება – FBI

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დოკუმენტებით, მომდევნო დღეებში ქვეყნის 50-ვე შტატში შეიარაღებული საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. 

ყველა შტატში საკანონმდებლო ორგანოებთან აქციების მოწყობა 16-იდან 20 იანვრამდე იგეგმება, ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის შენობასთან კი – 17-იდან 20 იანვრამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

ამერიკული ტელეკომპანია ფედერალური ბიუროს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ თუ კონგრესი შეეცდება პრეზიდენტის გადაყენებას 25-ე შესწორებით, შეიარაღებული ჯგუფები დიდ აჯანყებას დაიწყებენ.

„დემოკრატებმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში 11 იანვარს წარადგინეს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, შეკრიბოს კაბინეტი და პრეზიდენტისთვის უფლებამისოლების შეწყვეტის საკითხი დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დემოკრატები“ ტრამპის იმპიჩმენტს ისევ გამოაცხადებენ.

ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში სდებენ ბრალს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უსაფუძვლოდ აყენებდა ეჭვქვეშ და ეს ბრალდება მან 6 იანვარს კაპიტოლიუმთან გამართულ აქციაზეც გაიმეორა.

პროექტში ასევე ნახსენებია ტრამპის სატალეფონო საუბარი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც, ამერიკული მედიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით საჭირო ხმების მოძიებას ითხოვს.

აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, 13 იანვარს უყრიან.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

p. s. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრას, სროლას და არეულობებს მიმდინარე წლის 6 იანვარს მსხვერპლი მოჰყვა – ძალადობრივი ქმედებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა, მათ შორის, სამართალდამცველები.

ცნობისთვის: 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს ერთხელ უკვე გამოუცხადა იმპიჩმენტი, რომელიც მაშინ  ორ ბრალდებას დაეფუძნა – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკრაინაზე ზეწოლით, რათა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის გარშემო გამოძიება დაწყებულიყო; და კონგრესის ობსტრუქციას, რადგან მან უარი განაცხადა ეთანამშრომლა „დემოკრატების“ ხელმძღვანელობით წარმოებულ საიმპიჩმენტო გამოძიებასთან, თუმცა 2020 წლის 5 თებერვალს სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორივე ბრალდებასთან დაკავშირებით გამართლდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close