fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი გამოაცხადა, რა იქნება შემდეგ?

18 დეკემბერს, გვიან საღამოს, 6-საათიანი დებატების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ახლა უკვე პროცესი სენატში ინაცვლებს, სადაც უნდა გადაწყვიტონ, ცნობენ თუ არა ტრამპს დამნაშავედ და გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან.

დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია, თეთრი სახლის მესამე მკვიდრია, რომელსაც იმპიჩმენტი შეეხო (პირველი იყო ენდრიუ ჯონსონი 1868 წელს – სამხედრო მინისტრის უკანონო გადაყენების საქმეზე, მეორე – ბილ კლინტონი, 1998-1999 წლებში ცრუ ჩვენებისა და მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლების შექმნისთვის მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებულ საქმეზე; ორივე პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა სენატმა ორივე გაამართლა, რადგან სენატში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმათა 2/3 ვერ მოგროვდა). 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ორ ბრალდებას დაეფუძნა – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკრაინაზე ზეწოლით, რათა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის გარშემო გამოძიება დაწყებულიყო; და კონგრესის ობსტრუქციას, რადგან მან უარი განაცხადა ეთანამშრომლა დემოკრატების ხელმძღვანელობით წარმოებულ საიმპიჩმენტო გამოძიებასთან.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ხმების თანაფარდობა თითქმის ზუსტად დაემთხვა პარტიულ კუთვნილებას: ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები იმპიჩმენტს არ მიემხრნენ, მაშინ როცა სამი დემოკრატის გარდა იმპიჩმენტს დემოკრატიული პარტიის ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას თეთრ სახლში „აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ეპიზოდის კულმინაცია“ უწოდეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, სტეფანი გრიშემის განცხადებით, დემოკრატებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის უკანონო მუხლები დაამტკიცეს კანონდარღვევის დადასტურებისა და რესპუბლიკელების ხმების გარეშე. მისივე თქმით, მთელი ამ ფარსის განმავლობაში დემოკრატები პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაზე, საიდუმლოდ, დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს გამოძიება და მედიაში თავიანთ პარტნიორებს შერჩევით აწვდიდნენ ცნობებს ცრუ საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის შემდგომი ნაბიჯებისთვის და დარწმუნებულია, რომ „სენატი აღადგენს წესრიგს, სამართლიანობას და წარმომადგენელთა პალატის მიერ იგნორირებულ სამართლებრივ პროცედურებს“.

სენატში პროცესი იანვარში გაიმართება. სავარაუდოდ, რესპუბლიკელები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ტრამპის მხარეს დაიჭერენ და უფლებას დართავენ, პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნოს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების მიუხედავად პრეზიდენტი ტრამპი სახელმწიფოს მართვას განაგრძობს.

ნიკო აბაშიშვილი

მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close