fbpx
ხელოვნებასაქართველო

„საოცარი“, „ფენომენალური”, „უნიკალური”… – ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო

გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.

„იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა და ცოტნეს ექსპრომტ-კონცერტი ჩაატარებინა, რამაც მათში სრული შოკი გამოიწვია. ამ ჯადოსნური ამბების განხორციელებაში უზარმზარი წვლილი მიუძღვის დათო საყვარელიძეს, რომელსაც ასე საჯაროდ, ჩემი და ლიზას სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გთავაზობთ ლიზა ბათიაშვილის, პაატა ბურჭულაძის, თეონა ჯორბენაძის და ცოტნეს ბიძაშვილის, ლიზა მამრაძის კომენტარებს ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, საიდანაც ბევრ რამეს შეიტყობთ.

ლიზა ბათიაშვილი: – ეს არის 2020 წლის ფრაზა. ნახეთ, რა თქვა დანიელ ბარენბოიმმა რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მან ცოტნე ზედგინიძე პირველად მოისმინა.

„მე ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება, ყველაფერს გავაკეთებ და მისთვის ყოველთვის მისაწვდომი ვიქნები, თუ რამეში შემიძლია დავეხმარო“.

2020 წელი თითქმის დასრულდა და მიუხედავად ყველა სირთულეების და დანაკარგებისა, ამ წელიწადმა სურპრიზები და მოულოდნელი გამოწვევები გაგვიჩინა.

ამ უჩვეულო და რთულ წელს ვაცილებთ მზის სხივით, რომელმაც ბევრი ადამიანი ერთად შეკრა იმისთვის, რომ 11 წლის უნიკალური ბიჭის პირველი ვიზიტი ბერლინში შემდგარიყო.

ცოტნეს გამომგზავრება, თან ასეთ რთულ პერიოდში, სულ არ იყო მარტივი, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ბედნიერი წუთების განცდა, ცოტნეს აქ ყოფნის დროს, იყო სიცოცხლის და ნიჭის ზეიმი, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, დათო საყვარელიძეს და მთელი წინანდლის ფესტივლის გუნდს! ცოტნეს ოჯახს, ბულეზ აკადემიის ადმინისტრაციას, მაესტრო ბარენბოიმს, მაესტრო იორგ ვიდმანს.

და ნიკუშას, ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც შარშან პირველად გამაცნო ეს საოცარი ბავშვი.
ეს იყო ბედნიერება ამ კადრების ცოცხლად ნახვა, როცა პატარა ცოტნე დიდ დანიელს და იორგს ისე ესაუბრება, თითქოს უკვე დიდი ხნის ტოლი მეგობრები და კოლეგები იყვნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ.

მე ვუსურვებ ამ ბიჭს მშვიდობიან, თავისუფალ, კრეატიული იმპულსებით სავსე წელს, ახალ გამოწვევებს და გაწონასწორებულ ზრდას. ეს სინათლის სხივი საქართველოს ელჩი არის და იქნება!

ლიზა მამრაძე: – საოცრებების მომსწრე გავხდი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში.
შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, შედგა ცოტნეს კონცერტი ბერლინში და შეხვედრა დიდ მაესტროსთან – დანიელ ბარენბოიმთან და შესანიშნავ კომპოზიტორთან, იორგ ვიდმანთან.
კონცერტზე ცოტნემ შეასრულა თავისი ნაწარმოებები: „დიპტიხი“, დედისადმი მიძღვნილი „ზარები“, „ზმანებანი“, სამი საფორტეპიანო ეტიუდი და თავისი დის, ნინიკოსადმი მიძღვნილი ციკლი – საბავშვო ალბომი. ასევე, დანიელ ბარენბოიმის თხოვნით დაუკრა ბრამსის მესამე, ფა მინორული სონატის პირველი ნაწილი.

მთელი კონცერტის განმავლობაში ვაკვირდებოდი დარბაზს, სახეებს, რეაქციებს და ვხედავდი დიდ გაოგნებას, აღფრთოვანებას, გაოცებისგან ხელებს შლიდნენ და თითქოს ახსნასაც ვერ პოულობდნენ იმის, რაც ხდებოდა. კონცერტის დასრულებისას დანიელ ბარენბოიმი მაშინვე წამოდგა ფეხზე და ასე უკრავდა ტაშს.

იორგ ვიდმანმა თქვა: ამ კონცერტის შთაბეჭდილებების მერე თვალიც ვერ მოვხუჭე. ცოტნეს გონებაში უკვე ყველაფერი აქვს, ჩვენ ვერაფერს ვასწავლით, ერთ ნოტსაც ვერ შევცვლით მის მუსიკაშიო, მხოლოდ ფურცელზე გადმოტანას – ჩაწერას ვასწავლითო.

დანიელ ბარენბოიმისგან კი ასეთი შეფასებები მოვისმინეთ: „საოცარი“, „ფენომენალური“,
„უნიკალური“…

კონცერტის შემდეგ მასტერკლასებიც ჰქონდა ცოტნეს, ბრამსის ფა მინორულ სონატაზე დანიელ ბარენბოიმთან და თავის საკუთარ მუსიკაზე იორგ ვიდმანთან. საოცარი იყო მათი ურთიერთობა 11 წლის ცოტნესთან – თანასწორ, თანატოლ მუსიკოსებს შორის აზრთა გაცვლა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციების და განცდების მეასედსაც კი, რასაც ვგრძნობდით ყველა, ვინც შევესწარით ამ საოცარ დღეებს.
უდიდესი მადლობა ყველა ორგანიზატორს: დავით საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალის ჯგუფს, რომ შეძლეს ამ მოგზაურობის დაგეგმვა. ასევე დიიდი მადლობა ლიზა ბათიაშვილს ყველაფრისთვის, ამ დღეების განმავლობაში (და ყოველთვის) წარმოუდგენელი გვერდში დგომისთვის! ნიკა რაჭველს, თეონა ჯორბენაძეს – მადლობა ყველაფრისთვის, ყოველთვის!

სულ ბოლოს დავამატებ: უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი ჰაიდელბერგიდან ბერლინში ჩასვლა, ერთი წლის შემდეგ ჩემს ოჯახთან (ოჯახის ნაწილთან) შეხვედრა და ამ დღეებში მამიდას და ცოტნეს გვერდზე ყოფნა, ცოტნეს არცერთი კონცერტი არ გამიცდენია და ჩვენთვის, ცოტნესთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ამ დღეებში ერთად ყოფნა. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ შესაძლებელი გახადეს ჩემი ეს მოგზაურობა.

თეონა ჯორბენაძე: – ჩვენმა მზე ბიჭმა გაგვაბედნიერა მძიმე წლის ბოლოს. მადლობა ნიკას მისი აღმოჩენისთვის, მადლობა ლიზას მისი მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენისთვის, მადლობა დათო საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალს უდიდესი ძალისხმევისთვის. მადლობა ფონდ „იავნანას“ ცოტნეს კონცერტების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. უდიდესი მადლობა მის ბებიასა და პედაგოგს ნინა მამრაძეს მისი ტალანტის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.
სიცოცლე და ნიჭი ყოველთვის იმარჯვებს ❤
ბედნიერი 2021 სამყაროს!

პაატა ბურჭულაძე: – ამ საოცარი ბიჭის კონცერტი ფონდ „იავნანას“ პარიზის ბასტილიის თეატრში უნდა გაემართა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაგრამ პანდემიის გამო ჩაიშალა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხდი, რადგან ასეთ დროს ყველა დღეს და თვეს მნიშვნელობა აქვს. უზომოდ გახარებული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი ლიზა ბათიაშვილის დახმარებით მაინც მოხერხდა მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ცოტნემ გააოცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსი და პიროვნება დანიელ ბარენბოიმი! ეს მთელი ქვეყნის სიხარული და გამარჯვებაა.

მადლობა ცოტნეს პედაგოგს ნინა მამრაძეს, მადლობა დათო საყვარელიძეს და წინანდლის ფესტივალს, მადლობა ფონდ „იავნანას“! ყველაზე დიდი მადლობა კი არაერთი ნიჭიერი მუსიკოსის აღმომჩენსა და ქომაგს – ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც სცენაზე გამოიყვანა და ყველა ჩვენგანს გაგვაცნო 11 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე!

primeambebi.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close