ეკონომიკაიტალია

იტალიაში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი იწყება: თარიღები და წესები რეგიონების მიხედვით

იტალიაში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი იწყება – კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ფასდაკლებების დაწყების თარიღები და წესები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. 

შაბათს, 2 იანვარს ფასდაკლებების სეზონი გაიხსნება ბაზილიკატაში, სიცილიაზე, კამპანიაში, მოლიზეში, ვალე დ’აოსტაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, უმბრიაში, აპულიასა და სარდინიაზე.

შემდეგ მოდის აბრუცოს რეგიონი, სადაც სეზონი 4 იანვრიდან იწყება, და სარდინია – კუნძულზე ფასადაკლებები 5 იანვრიდან შედის ძალაში.

ზოგიერთი შემზღუდავი ზომის გამო, რომელიც ე. წ. საშობაო დეკრეტითაა განსაზღვრული (2020 წლის 18 დეკემბრის საკანონმდებლო დადგენილება № 172) ზოგიერთმა რეგიონმა გადაწყვიტა ფასდაკლებების დაწყების თარიღი ცოტათი გადაწიოს. მაგ., ლომბარდია, პიემონტი, კალაბრია ფასდაკლებების სეზონს 7 იანვრიდან დაიწყებენ.

ლაციოს რეგიონში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი 12 იანვარს აიღებს სტარტს.

მარკე და ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია სეზონური ფასდაკლებების დაწყების თარიღად 16 იანვარს ირჩევენ, ლიგურია კი – 29 იანვარს, ამასთან, მოვაჭრეებს ეკრძალებათ სარეკლამო აქციები ამ თარიღამდე 30 დღის განმავლობაში.

ვენეტოში, ემილია რომანიასა და ტოსკანაში ზამთრის ფასდაკლებების სეზონი 30 იანვარს დაიწყება, თუმცა ამ რეგიონების მოვაჭრეებს მანამდე, 30 დღის განმავლობაში, სარეკლამო აქციების ჩატარება არ ეკრძალებათ.

ტრენტოს ავტონომიურ პროვინციაში ფასდაკლებები თავად გამყიდველების მიერ არჩეულ დღეს დაიწყება, კალაბრია კი ჯერჯერობით „ვერ ჩამოყალიბდა“ თარიღთან დაკავშირებით.

რაც შეეხება წესებს, აუცილებელია:

  • მომხმარებლებს შორის მაღაზიის შესასვლელთან რიგში დგომისას და მაღაზიის შიგნითაც დაცული უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეტრის დისტანცია (რეგიონის მთავრობების მიერ ადგილობრივ დონეზე მიღებული წესების გარდა).
  • ხელების დეზინფექცია – მანამ, სანამ მომხმარებელი რაიმე პროდუქციას შეეხება, ვალდებულია ხელები ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშაოს, რომელიც თავად მაღაზიაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის.
  • ნიღაბი უნდა ეკეთოთ მომხმარებლებს და, აგრეთვე, მაღაზიის თანამშრომლებს კლიენტებთან ურთიერთობის შემთხვევაში.
  • ტანსაცმლის გასინჯვასთან დაკავშირებული წესის არჩევა თავად მაღაზიების კომპეტენციაა – მათ თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ ტანსაცმლის გასინჯვაზე რაიმე სახის წესები შემოიღონ, თუმცა სავალდებულოა, რომ ტანსაცმლის გასინჯვამდე მყიდველმა ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს, ხოლო ნიღაბი ყოველთვის უნდა ეკეთოს, მათ შორის, გასასინჯ კაბინაშიც.

ზამთრის ფასდაკლებები, როგორც ყოველთვის, 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კოვიდ-19 მასზე თავის გავლენას იქონიებს – მოგვიანებით შესაძლებელია წესების ცვლილებები, მათ შორის, ცალკეულ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close