მსოფლიოსაზოგადოება

ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ქალაქ პეტრინიის მერმა სიტუაცია ხიროშიმას შეადარა

ხორვატიაში, დედაქალაქ ზაგრებიდან დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით, ქალაქ პეტრინიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან 12 წლის გოგონა და 20 წლის ბიჭი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად ერთი ბავშვი იყო გარდაცვლილი.

ქალაქ პეტრინიის მერი დარინკო დუმბოვიჩი სრულ ნგრევაზე საუბრობს: „სიტუაცია ხიროშიმას მსგავსია“, – თქვა მან. დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა ბუნებრივმა კატასტროფამ პეტრინიის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სისაკს, სადაც უამრავი ადამიანი დაშავდა.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში 29 დეკემბერს, 11:19 სთ-ზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ზაგრებში, ასევე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

იტალიური მედიის ცნობით, ძლიერი მიწისძვრა აშკარად იგრძნო მოსახლეობამ ჩრდილო-დასავლეთ იტალიის დიდ ნაწილში, რავენამდე, ბოლცანომდე და ნეაპოლის ჩრდილოეთ რაიონებამდეც კი. მიწისქვეშა ბიძგებმა კამპანიის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოსახლეობა შეაშინა. ბიძგები იგრძნობოდა ვენეტოშიც, თუმცა რაიმე სახის დაზიანებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close