fbpx
მოდა/სილამაზე

ვის დარჩება „აბრეშუმის მეფის“ ქონება – ლეგენდარული პიერ კარდენი გარდაიცვალა

29 დეკემბერს საფრანგეთში, ნეიის (Neuilly-sur-Seine) საავადმყოფოში (პარიზის გარეუბანი) გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი პიერ კარდენი. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.

იტალიური წარმოშობის ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი მიმდინარე წლის ივლისში 98 წლის გახდა.

პიერ კარდენი (იტ. პიეტრო კარდენი) ვენეციის მახლობლად, სან ბიაჯო დი კალალტას კომუნაში დაიბადა დიდ ღარიბ ოჯახში. იგი 14 წლის ასაკში მამაკაცის ტანსაცმლის მკერავის შეგირდი გახდა ფირმა Paquin-ში.

კარდენი 1945 წლიდან საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან კარიერა დაიწყო, როგორც თეატრის მხატვარმა – 1946 წელს შექმნა კოსტიუმები ჟან კოკტოს ფილმისთვის „ურჩხული და მზეთუნახავი“, 1947 წლიდან კი „კრისტიან დიორის“ ატელიეში დაიწყო მუშაობა.

საკუთარი მოდის სახლი მოდელიერმა 1950 წელს დააარსა.

1960 წელს კარდენმა პირველად წარმოადგინა მამაკაცის ტანსაცმლის კოლექცია და ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ე.წ. უნისექსის სტილი. მან ასევე პირველმა დაიწყო დიზაინერული ნაწარმის, ე. წ. პრეტ-ა-პორტეს მასობრივი გაყიდვა მაღაზიებში.

მოდელიერმა 500-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა, როგორიცაა: ქალის ფერადი წინდები და მაღალი ჩექმები, მინი სარაფნები, ყვავილებიანი ჰალსტუხი, გრძელი უსაყელო პიჯაკები, ვიწრო შარვალი ღილებით, რომელიც პირველად The Beatles-ისთვის შექმნა და სხვ.

პიერ კარდენი საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების და ევროპის უმსხვილესი მეწარმეების სიაში შედიოდა. მისი ქონება 2018 წელს 800 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„აბრეშუმის მეფედ“ წოდებული მოდელიერი აცხადებდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მთელ თავის ქონებას ოჯახს დაუტოვებდა, მოდის სახლის გარდა, რადგან, დიზაინერის თქმით, მისი ოჯახიდან არავის შეუძლია მოდის სახლის გაძღოლა – ისინი ამ ბიზნესისგან ძალიან შორს არიან.

კარდენს თავისი მოდის სახლის გაყიდვა 2011 წელს 1 მილიარდ ევროდ სურდა, თან ისე, რომ კრეატიული დირექტორის პოსტზე დარჩენილიყო, ინვესტორებმა კი მხოლოდ 200 ევროდ შეუფასეს, ამიტომ მან საბოლოოდ ბრენდი არ გაყიდა.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close