fbpx
საზოგადოებასაქართველო

ილია მეორე ბარბარობას ბავშვებს დალოცავს

17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესი ბავშვებსა და მრევლს დალოცავს.

შეგახსენებთ, რომ წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.

წმინდა ბარბარე მესამე საუკუნეში ცხოვრობდა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მამამისი  – დიოსკური (დიოსკორი) მცირე აზიის არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და მამამისმა კოშკში ჩაკეტა, რათა უცხო თვალისთვის მოერიდებინა. ამ ჩაკეტვის პერიოდში წმინდა ბარბარე, რომელიც თავისი ფანჯრიდან გარემომცველ სამყაროს აკვირდებოდა, ერთიანი შემოქმედის იდეამდე მივიდა. მამამ იგი კოშკიდან გამოუშვა, როცა გათხოვების დრო მოუვიდა. ერთხელაც, როცა დიოსკური საქმის გამო შორეულ მოგზაურობაში იყო წასული, ბარბარემ ილიოპოლელი ქრისტიანები გაიცნო, ეზიარა ქრისტეს მოძღვრებას და ქრისტიანულად მოინათლა.

როდესაც ამის შესახებ კერპთაყვანისმცემელმა მამამისმა შეიტყო, გაბრაზდა და საკუთარი ქალიშვილი ქალაქის მმართველ მარკიანესთან წაიყვანა. ბარბარეს აიძულებდნენ, უარი ეთქვა ქრისტიანულ რწმენაზე, მაგრამ იგი უარზე იდგა. მას სასტიკი წამება დაუწყეს: ხარის გამხმარი ძარღვებით სცემდნენ, ჭრილობებზე თხის ბეწვის უხეშ ქსოვილს უსვამდნენ, ცეცხლით სწვავდნენ… ბოლოს, როცა არაფერმა გაჭრა, ქალაქის თავმა მარკიანემ მამას დაავალა, საკუთარი ქალიშვილისთვის განაჩენი გამოეტანა. კერპთაყვანისმცემელი დიოსკური დათანხმდა, თავისი შვილის ჯალათი გამხდარიყო – მან საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა. დიოსკურმა და მარკიანემ მალევე მიიღეს ზეცისგან საზღაური – ერთი მათგანი ციურმა ცეცხლმა დაწვა, მეორე კი მეხმა განგმირა.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე 306 წელს გარდაიცვალა. წმინდა ბარბარე ილიოპოლელს, როგორც წმინდანს, თაყვანს სცემენ მართლმადიდებელი, კათოლიკური, კოპტური, სომხური და ანგლიკანური ეკლესიები. მისი ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს აღნიშნავს, კათოლიკური – 4 დეკემბერს.

ამჟამად ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება. კიევში ის კონსტანტინოპოლიდან მოხვდა, სადაც დიდმოწამის წმინდა ნაწილები მე-6 საუკუნეში ჩაიტანეს.

ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close