fbpx
მედიცინამსოფლიო

„აცრილია“ – ისრაელი „ვაქცინირებულის პასპორტს“ შემოიღებს

ისრაელმა შესაძლოა წამახალისებელი პროგრამები შემოიღოს მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს და გარკვეული შეზღუდვები დარჩეს მათთვის, ვინც უარს იტყვის აცრაზე.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს – თვითმფრინავი ვაქცინის პირველი პარტიით ისრაელში 9 დეკემბერს დაეშვა, ხოლო მოგვიანებით კიდევ იგეგმება უფრო დიდი პარტიების ჩატანა.

ჯანდაცვის სამინისტრო აცნობიერებს, რომ თუ ლოჯისტიკის საკითხები განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოგვარდება, შეიძლება სირთულეები წარმოშვას ახალი ვაქცინის მიმართ მოქალაქეების უნდობლობამ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, კორონავირუსზე აცრილი მოქალაქეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს, რომელიც მათ ფასდაკლებით და შეღავათებით უზრუნველყოფს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე დასწრებისას. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ წახალისდებიან ვაქცინირებულები, ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ საკითხის განხილვა მალე მოხდება, – ამის შესახებ ვებგვერდ Ynet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მათ გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ვაქცინირებულთა წახალისება და რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მათ, ვინც აცრას არ გაიკეთებს.

პირველი განსხვავება ორ ჯგუფს შორის საზღვარგარეთიდან დაბრუნებას ეხება. ვაქცინირებულებს უცხოეთიდან ისრაელში დაბრუნების შემთხვევაში საკარანტინო სივრცეში გადასვლა აღარ მოუწევთ, დანარჩენები კი იძულებულნი იქნებიან, კარანტინით დაწესებული პირობები შეასრულონ.

ვაქცინირებულები, აგრეთვე, გათავისუფლდებიან მთელი რიგი შეზღუდვებისაგან, რასაც მოკლებულნი იქნებიან ისინი, ვინც აცრაზე უარს განაცხადებს.

განიხილება კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებზე, სავაჭრო თუ სპორტულ კომპლექსებში ფასდაკლებისა და შეღავათების დაწესება.

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინირებული მოქალაქის სპეციალური „მოწმობის“ შემოღებას გეგმავს, რომელიც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება, რომ მისი მფლობელი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close