პოლიტიკასაქართველო

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა – პარლამენტის თავმჯდომარე უცვლელია

დღეს, 11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და ის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

პრეზიდენტმა, რეგლამენტის შესაბამისად, პრეზიდიუმში ლადო კახაძე მიიწვია, რომელიც სხდომას წარუძღვა, როგორც პალამენტის უხუცესი დეპუტატი, სპიკერის და მისი მოადგილეების არჩევამდე. პარლამენტის უხუცესი დეპუტატი „ენმ“-ის სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, საპატიო მისიის შესრულება ლადო კახაძეს ერგო.

დარბაზში „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატიდან (60 – პროპორციული არჩევნებით, 30 – მაჟორიტარი) 88 იმყოფებოდა, ოპოზიციიდან კი, რომელსაც 60 მანდატი აქვს, პირველ სხდომას არცერთი არჩეული წარმომადგენელი არ დაესწრო.

მოგეხსენებათ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ბოიკოტს უცხადებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ . 11 დეკემბერს, 12 საათზე, პარლამენტის სხდომის პარალელურად, „პირველი რესპუბლიკის პარკში“ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ამით დაადასტურეს თავიანთი უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა. ხელმომწერებს შორის არ იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, „რესპუბლიკური პარტია“ და „მოქალაქეები“. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მემორანდუმს ეთანხმება, თუმცა „ცერემონიები არ უყვარს“.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ოფიციალურად ცნობას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც არის.

ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. მას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ეს პოზიციები გია ვოლსკის, კახა კუჭავასა და დავით სერგეენკოს ერგოთ.

ამ დროისათვის ვაკანტური რჩება პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილის თანამდებობა, რომელიც კანონის თანახმად ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს.

დეპუტატებმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს.15 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეთა სია ასეთია:

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი.
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;
  • ჯანდაცვის კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დასწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები, მათ შორის, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. აგრეთვე, მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.

პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომა გამართა და ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქცია.

„ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად, 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

1tv.ge-ს და radiotavisufleba.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close