fbpx
საქართველო

პაატა იმნაძე – მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა, ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ინფიცირების მაჩვენებელი არ იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი შეკავებულია.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.

„შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ვნახეთ, რომ ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა (პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 178 953-ს შეადგენს), გამოჯანმრთელდა 3045 პაციენტი (მთლიანობაში –  148 332). სამწუხაროდ, კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1657-მდე გაიზარდა.

4570 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2067 შემთხვევა, აჭარაში – 331, იმერეთში – 708, ქვემო ქართლში – 352, შიდა ქართლში – 214, გურია-72, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 325, კახეთში – 272, მცხეთა-მთიანეთში – 133, სამცხე-ჯავახეთში – 75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close