fbpx
მიგრაცია

აშშ-ის მოქალაქეობის ტესტი იცვლება და რთულდება

შეერთებული შტატების მუდმივ მცხოვრებლებს, რომლებიც ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, უფრო რთული და გრძელი მოქალაქეობის ტესტის გავლა მოუხდებათ.

ახალი სამოქალაქო განათლების ტესტი 128 შეკითხვისგან შედგება და მათ, ვინც მის გავლას გადაწყვეტს, ამერიკის ისტორიასა და მთავრობაზე შეკითხვებს უნდა უპასუხონ.

აქამდე ტესტი 100 კითხვას მოიცავდა. ყველას, ვინც ნატურალიზაციაზე განაცხადს პირველი დეკემბრის შემდეგ შეიტანს, ამ ახალი ვერსიის ტესტის გავლა მოუწევს, რომელშიც ახლა 128 კითხვაა.

ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS), ფედერალური სააგენტო, რომელიც შეერთებული შტატების საიმიგრაციო სისტემას მართავს, 2019 წელს აცხადებდა, რომ გეგმავდა ტესტის გაუმჯობესებას. ეს ნაბიჯი სააგენტომ საბოლოოდ გასულ კვირას გადადგა.

„ტესტის განახლება, შენარჩუნება და გაუმჯობესება, რომ ის ახალი და რელევანტური იყოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რათა დავეხმაროთ ახალ მოქალაქეებს, სრულად ესმოდეთ ამერიკის მოქალაქეობის მნიშვნელობა და ის ღირებულებები, რომლებიც ყველა ამერიკელს აერთიანებს“, – განაცხადა კენ კუჩინელიმ, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

მსურველებმა ტესტის ჩასაბარებლად 20-იდან 12 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად. აქამდე მოთხოვნა 20-დან 10 სწორი პასუხი იყო.

მოქალაქეობის ტესტის ჩაბარება ბოლო მოთხოვნაა შეერთებულ შტატებში ლეგალურად მყოფი მუდმივი მცხოვრებლებისთვის, ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებისთვის, ამერიკის მოქალაქეობის გზაზე.

ტესტი ზეპირად ტარდება ნატურალიზაციის ინტერვიუს დროს, რაც ერთ-ერთი ბოლო ეტაპია მოქალაქეობის მიღების პროცესში.

ახალი ტესტი ასევე ინგლისური ენის ცოდნის უფრო მაღალ დონეს საჭიროებს. თუ ადრე მაღალი-დამწყები ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო, ახლა უკვე ტესტის ჩაბარებისთვის მაღალი-საშუალო დონეა საჭირო.

ამერიკის მოქალაქეობის მსურველები ტესტისთვის თვეობით ემზადებიან. „მოქალაქეთა მომზადების პროგრამა“ ყოველწლიურად, დაახლოებით მწვანე ბარათის 300 მფლობელს ეხმარება ტესტისთვის მომზადებაში.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა მოეთხოვებათ მათ და რაც შეიძლება კარგად უნდა მოვამზადოთ ისინი“, – ამბობს ნენსი ნიუტონი, მონტგომერის კოლეჯის „მოქალაქეთა მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელი.

რა შეიცვალა

შეკითხვების რაოდენობასთან ერთად, საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ ტესტის ჩასაბარებლად 60 პროცენტის გადალახვაა საჭირო. მართალია, კითხვების უმრავლესობა არ შეცვლილა, მაგრამ ზოგი კითხვა სხვა სიტყვებითაა გადაწერილი და ზოგი უფრო მეტ ახსნას მოითხოვს.

მაგალითისთვის, აქამდე ტესტში იყო შემდეგი შეკითხვა: „აშშ-ში თავდაპირველად 13 შტატი იყო, დაასახელეთ სამი“. ახლა ტესტი უკვე ხუთი შტატის დასახელებას ითხოვს.

ნაცვლად შეკითხვისა – „რომელია ის ორი უფლება, რომელიც ყველას, ვინც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აქვს?“, ახლა აპლიკანტმა უნდა უპასუხოს კითხვას, „რომელია ის სამი უფლება“ და ა.შ.

საიმიგრაციო ადვოკატების ნაწილი ტესტს აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ კითხვები გართულებულია განმარტების გარეშე, თუ რატომ დადგა ამის საჭიროება.

კითხვები ასევე „პოლიტიკურ განწყობებზე მიუთითებს“, – ამბობს ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს პოლიტიკის მრჩეველი არონ რაიჩლინ-მელნიკი. „ერთი კითხვა განსაკუთრებით იწვევს პოლარიზაციის გამო შეშფოთებას. ძველ ტესტში აპლიკანტისთვის შესაძლოა ეკითხათ: „ვის წარმოადგენს შეერთებული შტატების სენატორი“? პასუხი იყო: „შტატის ყველა მოსახლეს“. ახალ ტესტში სავარაუდო პასუხია „მათი შტატის მოქალაქეებს“, – ამბობს ის. რაიჩლინ-მელნიკი განმარტავს, რომ „ეს არასწორია”, რადგან “კონგრესის წევრები ყველას წარმოადგენენ, ვინც მათ ოლქში ცხოვრობს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი სტატუსისა. ეს ასე იყო, რაც ეს ქვეყანა დაარსდა“.

ჯერ უცნობია, შეცვლის თუ არა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქალაქეობის ტესტს.

2018 წელს, ვუდრო უილსონის ფონდის კვლევის მიხედვით, ამ ტესტს ამერიკის მოქალაქეთა მხოლოდ ერთი მესამედი ჩააბარებდა წარმატებით.

amerikiskhma.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close