fbpx
ჯანმრთელობარჩევები

ინფექციონისტების რჩევები კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

კოვიდის სიმპტომების და მართვის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის (ცოტა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციაა, მაგრამ ახლა უცებ რაც გამახსენდა, პაციენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე):

1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის, მაღალ ციფრებამდეკოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს – ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებთ. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის, მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.

2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც, ძირითადად, არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს.

3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება.

4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ სჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა.

5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა.

6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო.

7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია).

სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ).

8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები სჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.

ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია“, – წერს მაია ბუწაშვილი.

ახალი რეკომენდაციები ლევან რატიანისგან

ლევან რატიანი გვირჩევს:

„პირველ რიგში, უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე, რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.

მესამე – მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს, თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის

რა შემთხვევაში მივმართავთ კლინიკას?

„თუ სიცხე „გაჯიუტდა“ და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ-ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ესაა ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ.

თერმომეტრი ყველას გვაქვს სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები“, – აღნიშნავს ლევან რატიანი.

ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას კორონავირუსის სახლში მკურნალობის წესებს უზიარებს.

მარშანია, პირველ რიგში, წინასწარი განწყობის შექმნისა და სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს. ექიმის მთავრი მოწოდებაა მაქსიმალური იზოლაცია, ბევრი სითხის მიღება, ოთახის განიავება და ოჯახის ექიმთან მუდმივი კონტაქტია.

🔶 ზოგადი რეკომენდაციები:

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს, ცხადია, არ უნდა გახდეს წესების უგულებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

🔶 ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული. გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად. მოერიდეთ ზურგზე წოლა, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია), მიიღეთ სითხეები. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა. დაისვენეთ. ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას).

🔶 არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

მაღალი ტემპერატურის >37,8 შემთხვევაში:

  • დაისვენეთ;
  • მიიღეთ სითხეები (წყალი);
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, თუ გრძნობთ დისკომფორტს (შეათანხმეთ ექიმთან);
  • იბუპროფენის შესახებ გავრცელებული ხმები არის მითი, კოვიდ-19-ს მიმდინარეობისას მისი მიღება შეიძლება.

🔶 ხველა:

  • მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, მიიღეთ თბილი სითხეებიც (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
  • ხველის გაძლიერებისას დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

🔶სუნთქვის გაძნელებისას:

  • დაუკავშირდით ექიმს;
  • გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
  • ისუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სანთლის ჩაქრობისას როგორი პოზიციაც აქვს ტუჩებს);
  • ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ;
  • მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close