პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ლოქდაუნი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდა – რატომ ითხოვს ცნობილი პროფესორი უჰანის მსგავს „ჩაკეტვას“?

გასულ 24 საათში კოვიდით 99 ადამიანი გარდაიცვალა; ჩრდილოეთ საბერძნეთიდან ათენში კოვიდპაციენტები თვითმფრინავით ჩაყავთ

დღეს, 26 ნოემბერს ჩრდილოეთ საბერძნეთიდან ათენში პირველად გადაიყვანეს თვითმფრინავით კოვიდპაციენტები – სპეციალური რეისით, C-130-ის ბორტით, დედაქალაქში სამი მძიმე ავადმყოფი ჩაიყვანეს.

ჩრდილოეთ საბერძნეთის საავადმყოფოებში დრამატული სიტუაციაა, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნის ზრდის გამო საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის, ამიტომ გახდა საჭირო პაციენტების ათენში გადაყვანა. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 მძიმე პაციენტი დედაქალაქში დრამიდან ჩაიყვანეს და ათენის კლინიკების – ევანგელიზმოსა და ატიკოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოათავსეს.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. კარანტინის მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება. ყოველდღიურად საჭირო ხდება ათობით ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან დიდ ნაწილს ინტენსიური თერაპია სჭირდება, ამიტომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ დარჩა. ექსპერტის თქმით, ჩრდილოეთ ათენის ჯანდაცვის სისტემამ „დაიჩოქა“.

თვითმფრინავით კოვიდპაციენტების გადმოყვანა დედაქალაქში დღეს პირველად განხორციელდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თესალონიკიდან მძიმე კოვიდპაციენტებს ათენში მატარებლით ჩაიყვანდნენ.

„კოშმარი 608 ინტუბაციური პაციენტით, 99 დაღუპულით და 2018 ახალი შემთხვევით“ – ასე ასათაურებს დღევანდელი მონაცემების შესახებ სტატიას გამოცემა iefimerida.gr.

გასულ ერთ დღეში საბერძნეთში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 99 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული რაოდენობაა. გამოვლინდა ინფიცირების 2018 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის ქვეყანაში მთლიანად დადასტურებულია ინფიცირების 99306 შემთხვევა, მათგან 53,1% მამაკაცია.

608 პაციენტი ინტუბაციურ მკურნალობას გადის, მათი საშუალო ასაკი 65 წელია, მათგან 166 (27,3%) ქალია. მძიმე პაციენტების 80,8%-ს სხვა ძირითადი დაავადებებიც აქვს ან 70 წელზე მეტი ასაკისაა.

მთლიანობაში საბერძნეთში კოვიდ-19-ს 2001 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 806 ქალი (40,3%). გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 80 წელია, 97,1%-ს ძირითადი დაავადებაც ჰქონდა ან 70 წელზე მეტის იყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრის 06.00 საათამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა გააკეთა.

პეცასის თქმით, ინფიცირების დღიური შემთხვევების შემცირების პირველი ნიშნები გამოჩნდა, თუ ტენდენცია გაგრძელდება, შემცირდება ნაციონალურ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლაც და შემდეგ უკვე მთავრობა დაგეგმავს შეზღუდვების ნელ-ნელა შემსუბუქებას.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვირუსის გავრცელების მასშტაბები თესალონიკში, სერესში, ლარისაში, მაგნეზიაში, ეტოლოაკარნანიაში, ახაიასა და ლესბოსზე.

პეცასმა აღნიშნა, რომ სპეციალურად პატრის შემთხვევაში, აგია ანდრეასის დღისადმი მიძღვნილ დიდ დღესასწაულზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საკარანტინო წესების დაცვას, რათა მორიგი დიდი დღესასწაული ვირუსის გავრცელების წყარო არ გახდეს.

მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბერძნები უნდა შეხვდნენ ვაქცინას კარგ მდგომარეობაში, ხოლო 2021 წლის გაზაფხულიდან ქვეყნისთვის ახალი ერა დაიწყება. მანამდე გაგრძელდება ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა.

მისი თქმით, პანდემიამდე საბერძნეთის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის 557 განყოფილება იყო, ამჟამად 1260-ია;

პანდემიამდე ეროვნული ჯანდაცვის სისტემის პერსონალი 88 690 სპეციალისტს მოიცავდა, ამჟამად მათმა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა;

პანდემიამდე, უფრო ზუსტად კი, 2018 წელს საბერძნეთმა ჯანდაცვაზე დახარჯა დააახლოებით  3,8 მლრდ ევრო, 2020 წელს კი – 4,8 მლრდ ევრო – 1 მლრდ-ით მეტი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სპეციალისტი საბერძნეთში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად უფრო მკაცრ ზომებს ითხოვს, მაგალითად, მიკრობიოლოგიის პროფესორი ალკივიადის ვატოპულოსი, რომელმაც 2 დღის წინ  SKAI-ს დილის გადაცემაში უპრეცედენტო განცხადება გააკეთა – პროფესორმა მოითხოვა არსებული საკარანტინო ზომების კიდევ უფრო  გამკაცრება და მთავრობას შესთავაზა უჰანის მოდელის გამოყენება, რომდესაც სახლიდან გასვლა აკრძალულია, გარდა სუპერმარკეტში კვირაში ერთხელ დაგეგმილი გასვლისა. ამავე დროს, მან მოითხოვა წარმოებების დახურვა, ხოლო კერძო კლინიკებს რთული დავალება მისცა.

„ვფიქრობ, ბევრად  უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ. საჭიროა დაბლოკვის გამკაცრება, როგორც ჩინეთში.  უჰანში ადამიანი კვირაში ერთხელ გადიოდა სუპერმარკეტში საყიდლებზე. ეს უნდა გაკეთდეს საბერძნეთშიც. … უჰანის ტიპის დაბლოკვამ ორი კვირის განმავლობაში შეძლო  სიტუაციის გამოსწორება და შეაჩერა  ვირუსის გავრცელება, – განაცხადა ვატოპულოსმა და დასძინა: – გასულ კვირას ველოდით, რომ შეზღუდვების შემოღების შემდეგ შემთხვევები შემცირდებოდა, მაგრამ  სამწუხაროდ, ისევ გრძელდება. შემთხვევების რაოდენობის შემცირება დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ  ვიგლოვებთ  დაინფიცირებულებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, იმიტომ რომ მკურნალობის საშუალება არ ჰქონდათ“.

ამ ტიპის დაბლოკვაზე, სავარაუდოდ, საბერძნეთის მთავრობა არ წავა, მაგრამ პროფესორის გამოსვლა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საბერძნეთში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მთელ სიმძიმეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close