კულტურასაბერძნეთი

მადინიის აგია ფოტინი – ყველაზე უცნაური ეკლესია საბერძნეთში, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება (ვიდეო)

მადინიის წმინდა ფოტინის ეკლესია (Agia Fotini Mantineia) შესაძლებელია დასახელდეს მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ეკლესიებს შორის, მაგალითად, როგორცაა სირაკუზის Santuario della Madonna delle Lacrime და ანტონიო გაუდის La Sagrada Familia ბარსელონაში.

მადინიის წმინდა ფოტინის ეკლესია იმდენად შთამბეჭდავია, რომ მოგზაურობისას შემთხვევითაც რომ იხილოთ, შეუძლებელია გულგრილად გვერდი აუაროთ მაშინაც კი, თუ მასზე არაფერი გსმენიათ. ნანახით უეჭველად აღტაცებული დარჩებით.

მსოფლიოში ყველაზე უცნაური წმინდა ფოტინის ტაძარი მდებარეობს მადინიის ვაკეზე, ძველი მადინიის არქეოლოგიური გათხრებიდან დასავლეთით, ტრიპოლიდან 15 კმ-ის დაშორებით, არკადიის კაპსიაში. ის მადინიელთა ასოციაციას ეკუთვნის. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1969 წელს, გაიხსნა 1978 წელს, იმდროინდელი მიტროპოლიტის, კიროს თეოკლიტოს II ფილიპოს კურთხევით.

ამ „არქიტექტურული გაბედულების“ ავტორია ცნობილი არქიტექტორის, დიმიტრის პიკიონის სტუდენტი, არქიტექტორი და აგიოგრაფი კოსტას პაპათეოდოროუ (Κώστας Παπαθεοδώρου).

მადინიის წმინდა ფოტინის ტაძარი კოსტას პაპათეოდოროუს მთელ მოღვაწეობას ასახავს.

კოსტას პაპათეოდოროუმ დიდი ენთუზიაზმით დააპროექტა ეკლესია, პირადი უდიდესი ძალისხმევით ააგო და „თავისი ცხოვრების ნაწარმოები“ უწოდა.

გარეგნულად ეკლესია ყველა სხვა ტაძრისგან განსხვავდება. მასალების მრავალფეროვნებას, ასევე, არქიტექტურას აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. ის აგებულია ადგილობრივი ბუნებრივი მასალებით, როგორიცაა ქვა, მარმარილო, ხე და ფილები, ცემენტის გარეშე. ასევე, გადმოცემის თანახმად, მის ასაშენებლად გამოყენებულია ამ მიდამოებში არსებული ძველი ტაძრების ნაშთები, ხოლო შენობა უძველესი ტაძრის ფუნდამენტზეა აგებული.

წმინდა ფოტინის ეკლესიის ინტერიერი ქრისტიანული – ბიზანტიური და ძველბერძნული ელემენტების შერწყმის მცდელობაა, ის ბიზანტიური და ძველბერძნული ხელოვნების სინთეზია. ეს კარგად ჩანს, თუ დაუკვირდებით ტაძრის შიგნით მოზაიკის იატაკებს და გამოსახულებებს კედლებზე.

დღეს მადინიის წმინდა ფოტინის ეკლესიაში ქორწილები და ნათლობები ტარდება და იდილიურ ლანდშაფტზე სტუმრებს შეუძლიათ ბუნების ულამაზესი ხედებით დატკბნენ.

ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს იაკობის ჭა, რომელიც განასახიერებს იესოს შეხვედრას სამარიტელ ქალთან.

ეკლესიის ეზოში კი არის „გმირების ძეგლი“, ყველა იმ მადინიელი გმირის საპატივსაცემოდ, ვინც სამშობლოსთვის იბრძოდა.

„წყლის ძარღვი მწყურვალთათვის“ („Φλέβα νερού για τους διψώντες“), – ასე დაახასიათა მადინიის აგია ფოტინის ტაძარი მეოცე საუკუნის დიდმა მხატვარმა იანის ცარუხისმა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close