fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია: 11 ნოემბრიდან კიდევ ერთი პროვინცია გადავა „წითელ ზონაში“, ხოლო 5 რეგიონი – „ყვითლიდან ნარინჯისფერში“ გადაინაცვლებს

ხვალიდან, 11 ნოემბრიდან იტალიის ზონებად დაყოფის სურათი შეიცვლება – „წითელი ზონების“ რიცხვს ერთი პროვინცია დაემატება და 5 რეგიონი „ყვითელი“ (ნაკლები საფრთხის) ზონიდან „ნარინჯისფერ“ (მაღალი საფრთხის) ზონაში გადავა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ წერს.

„Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, იტალიაში ინფიცირების ინდექსი საშუალოდ 1,7-ია [ბოლო კვირის მონაცემებით; ყველაზე მაღალია ლომბარდიაში – 2.08, ბაზილიკატაში – 1.99, პიემონტში – 1.97, მოლიზეში – 1.88 და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციაში – 1.87]. 100 ათას მაცხოვრებელზე გვაქვს 500-ზე მეტი შემთხვევა და იტალიის თითქმის ყველა რეგიონი ძლიერ დაზარალებულია“, – განაცხადა დღეს ვიდეომიმართვისას იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს პროფილაქტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯოვანი რეზამ.

„ვხედავთ, რომ საავადმყოფოში უფრო მეტი პაციენტის მოთავსება ხდება საჭირო და ახალი ინფიცირებულების შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა, იზრდება რეანიმაციაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – ამ სიტუაციის გამო გამართლებულია უფრო მკაცრი ზომების მიღება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ინფექცია სწრაფად ვრცელდება. და, რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს, რომ მოქალაქეებმა ქცევის წესები დაიცვან და გონივრულად მოიქცნენ “, – განაცხადა მან.

„ანსას“ ინფორმაციით, დღეს საღამოს ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა ხელს მოაწერს დადგენილებას, რომელიც, დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ითვალისწინებს „ნარინჯისფერ ზონაში“ („ყვითლიდან“) 5 რეგიონის გადასვლას (რაც ნიშნავს, რომ დაიკეტება ბარები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები), ესენია: აბრუცო, ბაზილიკატა, ლიგურია, ტოსკანა და უმბრია. ბოლცანოს პროვინცია კი „წითელ ზონაში“ გადავა („ნარინჯისფერი ზონიდან“). დადგენილება ძალაში შევა 11 ნოემბრიდან.

გამოცემა წერს, რომ მიმდინარეობს სხვა რეგიონების ეპიდემიოლოგიური მონაცემების შემდგომი დამუშავება და ხვალ მთელი დღე დაეთმობა კამპანიის მონაცემების შეფასებას. ჯერჯერობით კამპანია ისევ „ყვითელ ზონაში“ რჩება. „ანსას“ ინფორმაციით, Cabina di regia-მ ამ დროისთვის კამპანიაში სიტუაცია შეაფასა, როგორ სტაბილური, ახლა ეს უნდა დაადასტუროს ჯანდაცვის სამინისტრომ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი სპერანცა.

რაც შეეხება სტატისტიკას, ის ნამდვილად არ იძლევა დამშვიდების საშუალებას – ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 35 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ჩატარდა 217 758 ტესტი, მათგან 16,1% დადებითი აღმოჩნდა) და 580 პაციენტი დაიღუპა (გუშინ გარდაცვლილთა რაოდენობა 356 იყო). გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ასე მაღალი არ ყოფილა 14 აპრილის შემდეგ, როდესაც 602 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტალიაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი მილიონს მიუახლოვდა – ამ დროისთვის სულ გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული 995 463 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა (363 023) და გარდაცვლილთა (42330) ჩათვლით. აქტიური პაციენტების რაოდენობა 590 ათასს აჭარბებს, მათგან 2971-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათი რაოდენობა გასულ 24 საათში 122-ით გაიზარდა.

რეგიონულ დონეზე ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ ლომბარდიაშია  – გასულ დღე-ღამეში 10 955 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; შემდეგ მოდის პიემონტი (+3659), ვენეტო (+2763), კამპანია (+2716) და ლაციო (+2608).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close