fbpx
პოლიტიკასაქართველო

9 ნოემბრიდან თბილისსა და კიდევ 6 ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება

რას გულისხმობს მთავრობის მიერ მიღებული წერტილოვანი შეზღუდვები?

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

მისი თქმით, ეს გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, რა თქმა უნდა, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული, ასევე მედიადაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“, – განახცადა ცქიტიშვილმა.

ამ წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი ჯარიმა.

„სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი რეგულაციები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის გარდა, წესდება შემდეგი ზომები:

  •  ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
  • თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
  • ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 პაციენტი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015, კოვიდსასტუმროებში – 2599, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4670 ადამიანი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close