პოლიტიკასაბერძნეთი

„ჯობს ადრე, ვიდრე გვიან“ – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ლოქდაუნს აცხადებს

გადაადგილება აკრძალული იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე

შაბათს, 7 ნოემბერს, დილის 6 საათიდან საბერძნეთში სამი კვირით ძალაში შედის საყოველთაო შეზღუდვები ეროვნულ დონეზე. მთავრობის მეთაურის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ აიძულა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს

ეპიდემიის ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში ორ კვირაში ეროვნული ჯანდაცვის სისტემა ზეწოლას ვეღარ გაუძლებს. ამდენად, „ჯობს ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ლოქდაუნი პირველისგან განსხვავებული იქნება. კერძოდ, მუშაობას არ წყვეტენ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (დიმოტიკო). სამაგიეროდ, დაიკეტება გიმნაზიები და ლიცეუმები და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

გადაადგილებისთვის მოქალაქეებს მოუწევთ შესაბამისი SMS შეტყობინების გაგზავნა, როგორც გაზაფხულზე.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება მარტო სამსახურის ან ჯანმრთელობის საჭიროებით, ან განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

დაწესებულებების დახურვის გამო ნოემბერში დროებით უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულები სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 800 ევროს ოდენობით. ამჟამად არსებული სოციალური დახმარებები დამატებით კიდევ 2 თვით გაგრძელდება.

ხანგრძლივ უმუშევრებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას არ იღებენ, ერთჯერადად 400 ევრო ჩაერიცხებათ. ასეთი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 130 ათასს აღემატება.

დეტალური ინფორმაცია საღამოს გახდება ცნობილი.

პრემიერის თქმით, საბერძნეთს გამოყოფილი აქვს 37 მილიარდი ევრო პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ყველაფერი გაკეთდება მოქალაქეთა სოციალური უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close