fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი არჩევნებში გამარჯვების შესახებ შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა

„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ღამეს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა. ერთ-ერთ მათგანში ტრამპი აცხადებს, რომ მან „დიდ გამარჯვებას“ მიაღწია. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს გამარჯვება შეიძლება მოიპარონ“.

ამ ჩანაწერს „ტვიტერის“ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ჩანაწერის გახსნამდე სოციალური ქსელის მესვეურები აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ „ტრამპის კომენტარის შინაარსი ან მისი ნაწილი მაინც სადავოა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა შეუძლია“.

„ტვიტერში“ განმარტეს, რომ პრეზიდენტის კომენტარის მონიშვნის მიზეზი ფოსტით მიცემული ხმებია, რომელთა დათვლაც არჩვენების დღის მერეც გრძელდება და ამ ხმებს შეუძლია შედეგის შეცვლა.

ტრამპის თქმით, ის არჩევნებს იგებდა, „თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა“. მისი შეფასებით, ეს „თაღლითობაა“.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა რომ კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა რომ ყველანაირი ხმის მიცემის პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ფოსტით ხმის მიცემისა და წინასწარ ხმის მიცემის უფლებით დაახლოებთ 100 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ამ ხმების დათვლა ზოგიერთ „მერყევ“ შტატში დღეს დაიწყო და შედეგების გამოცხადება, სავარაუდოდ, გაჭიანურდება. მათ შორის არის პენსილვანია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი შტატი აღმოჩნდეს და ვინ იქნება გამარჯვებული, საბოლოოდ სწორედ ამ შტატის შედეგებმა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება. მათ შორის არის პენსილვანია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი შტატი აღმოჩნდეს და გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ შტატმა გაარკვიოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. პარალელურად, ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც (წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ).

ამას გარდა, ამომრჩევლებმა აირჩიეს 100-წევრიანი სენატის 35 წევრს. სენატში უმრავლესობას ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ.

აშშ-ის მოქალაქეებმა რამდენიმე შტატის გუბერნატორიც აირჩიეს, კერძოდ – დელავერის, ინდიანას, მონტანას, მისურის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჩრდილოეთ დაკოტის, ნიუ ჰემფშირის, იუტის, ვაშინგტონისა და დასავლეთ ვირჯინიის.

ყველაზე გვიან საარჩევნო უბნები ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე გაიხსნა. შესაბამისად, იქ საარჩევნო უბნები ყველაზე ბოლოს დაიკეტა (თბილისის დროით დილის 10:00 საათზე).

წყარო: 1tv.ge

აქ შეგიძლიათ ნახოთ არჩევნების შედეგები live რეჟიმში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close