კრიმინალისაქართველო

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ზუგდიდელი“ თავდამსხმელის ვინაობას ასაჯაროებს

ვინ არის ბადრი ესებუა და რა არის ცნობილი მასზე ამ დროისთვის?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა 1988 წელს ბადრი ესებუამ განახორციელა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგამდე „საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის ფარგლებში ერთდროულად რამდენიმე სახლში ჩხრეკა ჩატარდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, არავინ დაუკავებიათ.

ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე, ბადრი ესებუას ერთ-ერთი ნათესავის ოჯახში.

რა არის ცნობილი ამ დროისთვის თავდამსხმელის შესახებ? 32 წლის ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში ცხოვრობს. ჰყავს ორი ძმა და მშობლები.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს. მამა, ტარიელ ესებუა სარეცხი მანქანების შემკეთებელია. თავად ბადრი ესებუა კი წარსულში სამხედრო მოსამსახურე იყო. ის რამდენიმე თვით ავღანეთში, საერთაშორისო მისიის ფარგლებშიც იმყოფებოდა.

ესებუა იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის შესაძლო გადასვლას ეჭქვეშ აყენებს.

ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.

„თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვი, შეიძლება პაემანზე წავიდა. სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? – იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო იმისას,” – აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.

„ცხვრებს მწყემსამვდა აქ, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ აქ იყო, მომესალმა, ვსაუბრობდით… 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია,” – განაცხადა ესებუას ნათესავმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close