fbpx
კრიმინალისაქართველო

შეიარაღებული პირი, რომელმაც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლები აიყვანა, ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და მძევლების აყვანის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი, ახალგაზრდა კაცმა დარეკა. მან თქვა, რომ ერთ-ერთი მძევალია, ირაკლი კვარაცხელია.

მისი თქმით, ოთახში 19 ადამიანი იმყოფება. ვიდეოზარის დროს ჩანდნენ იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და, ასევე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. ირაკლი კვარაცხელიამ ეთერში განაცხადა, რომ გამტაცებელი „კბილებამდე შეიარაღებულია“, ავტომატით, პისტოლეტით, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცავი რგოლი.

საუბრის დროს ირაკლი კვარაცხელიას გვერდით კადრებში ჩანდა გამტაცებელიც – სამხედროფორმიანი, შეიარაღებული კაცი, რომელიც პერიოდულად მძევალს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა.

მისი თქმით, 500 ათასი დოლარის მიღებასა და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვს, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

„მე ვიძლევი მაგის [უსაფრთხოების] გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ ძალოვანები არ ჩაერთვებიან ძალის გამოყენების კუთხით“, – ისმოდა, სავარაუდოდ, გამტაცებლის ხმა.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელია შეიარაღებული კაცის მითითებით ტელეფონით არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა.

შსს ადასტურებს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტს. ნიღბიანი შეიარაღებული კაცი ბანკის შენობაში, დაახლოებით 14 საათისთვის შეიჭრა, შენობაში მყოფ თანამშრომლებს და მოქალაქეებს დაჩოქება მოსთხოვა და რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი ბანკში შეჭრისას გაათავისუფლა, ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს.

შსს-ს ინფორმაცით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო (ყაჩაღობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და მძევლად ხელში ჩაგდება) შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close