fbpx
საზოგადოებასაქართველო

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ჩატარებული ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქის გვერდზე თავად დაწერა. მისივე განცხადებით, 48 საათში კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტს, რათა შედეგის სიზუსტეში 100 პროცენტით დარწმუნდნენ.

„ჩემს თანამებრძოლებს, „ლელოელ“ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.

ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

„ქართული ოცნების“ კრახმა კოვიდ-19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა – როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!

კოვიდ-19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც“, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოში გასულ 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 8060-ს მიაღწია.

ვოლო ერთ დღეში ქვეყანაში კოვიდ-19-ით კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 136-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება: სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამხე ჯავახეთში -14, მცხეთა მთიანეთში – 13, კახეთში – 11.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფექციასთან დაკავშირებით სიტუაცია საქართველოში „საგანგაშოა“.

„უკვე, პრაქტიკულად, საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ დავიცვათ ყველანაირად რეგულაციები. ძალიან სერიოზულია [ვითარება]. დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close