საზოგადოებასაქართველო

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში...“

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები მიაწოდა, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტერვიუს მიცემას და საჯარო კომუნიკაციას არ გეგმავს და განმარტავს, რატომ: 

„თქვენ იცით, რომ მსურდა, მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი.

მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება ჩემს პრესკონფერენციაზე პირადად მას ექნებოდა, თუმცა მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა – ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.

საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით – აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის – იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა.

ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომდგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ – საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ.

აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს“, – აცხადებს დავით ხიდაშელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close