საზოგადოებასაბერძნეთი

ათენი: ძლიერი უამინდობის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი – მძიმედ (ვიდეო)

ატიკის რეგიონი (მთავარი ქალაქი – ათენი) ძლიერ დაზარალდა უამინდობისგან, რომელმაც რეგიონი დღეს, 13 ოქტომბრის დილიდან მოიცვა. გავრცელდა ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ. 2-მა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო, ხოლო ასაკოვანი ქალი, რომელიც ნეო ირაკლიონის რაიონში (ათენი) ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ათენის „ევანგელიზმოს“ და დასავლეთ ატიკის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 69 წლის ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მან ოთახის კედლის ჩამონგრევის შედეგად ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო. კიდევ ორი დაშავებულიდან ერთს, მოტოციკლისტს, მოტეხილობები აღენიშნება.

დედაქალაქის რაიონი ნეო ირაკლიონი, სადაც ქარიშხალი მძვინვარებდა, დილით დაბომბილივით გამოიყურებოდა. ძირფესვიანად ამოთხრილი ხეები პარკირებულ მანქანებს დაეცა, ΔΕΗ-ის ბეტონის კოლონები ჩამოინგრა, ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, აივნებიდან წყლის გამაცხელებლები მოგლიჯა, სახლების ფანჯრები ჩაამსხვრია; დაფიქსირდა საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევაც. თავსხმა წვიმა დილით, 6-იდან 7 საათამდე, დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. დაიტბორა ქუჩები, სახლები, მაღაზიები…

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ატიკაში უამინდობის გამო 195 ზარი შევიდა დახმარების თხოვნით. მათგან 129 – ხეების წაქცევას უკავშირდებოდა, 27 – მასიური, მძიმე საგნების გადაადგილებას, 39 – წყლის ამოტუმბვას დატბორილი სახლებისა და მაღაზიების ქვედა სართულიდან. ატიკაში დღეს მაშველთა 25 ბრიგადა მუშაობდა, მათი უმეტესობა – ნეო ირაკლიონში. კიმის პროსპექტზე მოძრაობა გადაიკეტა წაქცეული 3 ხის გამო. პროსპექტზე მოძრაობა ნაშუადღევს აღდგა.

ნინო ბაჯელიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close