fbpx
ფსიქოლოგია

როგორ გარდავქმნათ შიშები ჩვენს უპირატესობად

რა არის შიში? – ალბათ ამაზე ხშირად გიფიქრიათ. შიში არის ემოციური მდგომარეობა, რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე და ის დაკავშირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტთან. უნდა გვესმოდეს, რომ შიში არის გარეგანი ძალა, „ბოროტი“ ემოცია, რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის მიმართ.

ნებისმიერ ადამიანს აქვს სხვადასხვა ტიპის შიშები, რომლებიც რაციონალურ და ირაციონალურ ჯგუფებად იყოფა. შიში, რომელიც არ არის გამოწვეული მყისიერი საფრთხისგან, შეგვიძლია ფობიებად მოვიხსენიოთ.

შიშები შეიძლება 3 ქვეჯგუფად დავყოთ:

  • ბიოლოგიური – ამ ჯგუფში შედის ყველაფერი, რაც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს (ცხოველის შიში, სიმაღლის შიში, სიჩქარის შიში და სხვა);
  • სოციალური – ამ ჯგუფში შედის ყველაფერი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სოციალურ სტატუს და მის თვითშეფასებას (სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში, განშორების შიში და სხვა);
  • ეგზისტენციალური – ამ ჯგუფში შედის ის, რაც უკავშირდება სიცოცხლეს და სიკვდილს, ზოგადად, ადამიანის არსებობას (მომავლის შიში, სიცოცხლის ამაოების შიში და სხვა).

ამ სტატიაში ირაციონალურ შიშებზე ანუ ფობიებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს ჭარბად, ხოლო ზოგს კი ზომიერად აწუხებს.

ძალიან ხშირად ირაციონალურად გვგონია, რომ რაღაცების გვეშინია, რაც დიდ დაბრკოლებას გვიქმნის განვითარებისთვის. წარმოიდგინეთ, თუკი თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც საჯაროდ საუბრის ფობია აქვს და ამ ფაქტს ეგუება, ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული ზრდისთვის და წარმატებისთვის. არსებობს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის, ახალ სოციუმთან და სამუშაო წრესთან ინტეგრირების, ახალი ცოდნის ათვისების ფობიებიც, ამიტომ სია საკმაოდ გრძელია.

კარგი ამბავი ის არის, რომ ასეთი ტიპის ფობიები შეიძლება ჩვენს უპირატესობად გარდავქმნათ და ისეთი რაღაცები ვაკეთოთ, რაც დიდ წარმატებას მოგვიტანს. ამისათვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მათი აღიარება და ბრძოლის დაწყება. ბრძოლას ვეძახით, თორემ ეს პროცესი შესაძლოა ძალიან სახალისოც აღმოჩნდეს.

საუკეთესო გზა ფობიებთან საბრძოლველად ფსიქოლოგთან კონსულტაციაა, რომელიც კარგად შეისწავლის ფობიების წარმოშობის მიზეზებსა და მათთან გამკლავების გზებს, თუმცა თუ თავად გადაწყვეტთ მათ დამარცხებას, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.

არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, ადამიანს შიშის დაძლევაში ეხმარება:

შიშის ვიზუალიზაცია

უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რისიც გვეშინია, უკვე მოხდა. წარმოვიდგინოთ ჩვენი რეაქცია და მოქმედება. ეს ტექნიკა დაგვეხმარება რეალურად აღვიქვათ საფრთხე და მოვემზადოთ შედეგებისთვის. მაგალითად, თუკი ახალი სამსახურის გასაუბრებაზე მიდიხართ და შიში გიპყრობთ, წინასწარ მოემზადეთ, დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს. გაითამაშეთ სცენარი გონებაში, ჩამოწერეთ რის თქმას აპირებთ, განჭვრიტეთ სავარაუდო კითხვები და მოამზადეთ მასზე პასუხები. იგივენაირად მიუდექით სხვა ფობიებსაც, ყოველთვის იფიქრეთ, რა შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ცნობილია ფაქტია, რომ აბრაამ ლინკოლნსა და ტომას ჯეფერსონს საჯაროდ საუბრის შიში ჰქონდათ, მასთან ბრძოლამ კი ორივე მსოფლიოს გამორჩეულ ლიდერებად აქცია.

ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენა

უნდა წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი განვითარება, იმდენად დავამძიმოთ მდგომარეობა, რომ მივხვდეთ რამდენად უმნიშვნელოა ჩვენი შიში, ჩვენს წარმოდგენილ საფრთხესთან შედარებით. ეს შესაძლოა რთული გამოსავალი გეგონოთ, თუმცა დამტკიცებულია, რომ ხშირად ჩვენი წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვნად აჭარბებს რეალურ მოსალოდნელ შედეგს. ამის გააზრებაში სწორედ ეს ტექნიკა დაგეხმარებათ, რადგან შეძლებთ გაიაზროთ, რომ რაციონალურად არაფერი გემუქრებათ, თუ საკუთარ თავს გადააბიჯებთ. მაგალითად, ცნობილი მოკრივე მაიკ ტაისონი ამბობდა, რომ რინგზე გასვლისას მუდმივად ეშინოდა ნოკაუტის, ამიტომ ყოველთვის ფიქრობდა როგორ დაემარცხებინა მისი მეტოქე უფრო სწრაფად.

ინფორმაციის მოპოვება და გამოცდილების გაზიარება

ინფორმაციის მოპოვება დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, რომ ფობიები მხოლოდ თქვენ არ გაქვთ. თქვენსავით უამრავ ადამიანს აწუხებს მსგავსი ფიქრები, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვისაც ფობიებთან გამკლავების სურვილი აქვს, მას ეს აუცილებლად გამოსდის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტი და მოიძიოთ მსგავსი ისტორიები, ისევე როგორც ჩვენს ზემოთ მოცემულ მაგალითებშია მოცემული.

სუნთქვის ტექნიკა

მოულოდნელი შიშისა და შფოთვის დაძლევისთვის ეფექტიანია სუნთქვის ტექნიკები. ერთ-ერთ ასეთ ტექნიკას ეწოდება 7/11, რაც გულისხმობს, რომ უნდა ჩავისუნთქოთ, დავითვალოთ შვიდამდე და ნელა ამოვისუნთქოთ, დავითვალოთ თერთმეტამდე. თუმცა ეს ციფრები პირობითია, ამ ტექნიკის შესასრულებლად აუცილებელი პირობაა, ამოსუნთქვა იყოს უფრო ხანგრძლივი, რადგან სუნთქვის რეგულირება განაპირობებს სტრესის მოხსნას და დამშვიდებას.

მუსიკა

კიდევ ერთი ბონუს მეთოდია მუსიკის მოსმენა. თუ უკვე სცენის, რინგის, გასაუბრების ოთახის კარის ზღურბლთან დგახართ და რამდენიმე წუთში მოქმედება დაიწყება, მოუსმინეთ ისეთ მუსიკას, რომელიც მოტივაციას შეგმატებთ. ეს მეთოდი ძალიან ხშირად ამართლებს, რადგან თქვენი გონება მომენტალურ აღგზნებას იწყებს და იჯერებთ, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ. მაგალითად, ეს მუსიკაც შეიძლება გამოგადგეთ.

რაც მთავარია, გახსოვდეთ: შიში ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში იცავს ადამიანს. აუცილებელია შიშის გამოვლინების სიხშირის და განგრძობადობის კონტროლი, რათა შიშმა არ მიიღოს დესტრუქციული სახე და არ მოხდეს ორგანიზმის ემოციური გამოფიტვა. ყველა სხვა შემთხვევაში შიში ადეკვატური რეაქციაა, რომელიც შესაძლებელია ადამიანმა წარმატების ინსტრუმენტად აქციოს, რისკებისა და შედეგების დროული შეფასებით.

AT.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close