საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 10 დღეში 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 6640 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების დღიდან. გამოჯანმრთელდა კიდევ 299 პაციენტი და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 3419-ს მიაღწია.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 39-ია, ეს მაჩვენებელი 21 სექტემბრის შემდეგ 2-ჯერ და მეტად გაიზარდა: მე-19 პაციენტის გარდაცვალება 25 აგვისტოს დაფიქსირდა, 25 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე საქართველოში კოვიდით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა, 21 სექტემბრიდან დღემდე კი, 10 დღეში, 20 პაციენტი დაიღუპა.

გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 241 – აჭარას, 98 – იმერეთს, 62 კი – თბილისს უკავშირდება; დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 9, გურია და შიდა ქართლი – 7-7, კახეთი – 2, იმპორტირებული შემთხვევაა 6, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის 9 – ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეს დაუბრუნდნენ. მოსწავლეები სკოლებში შესვლამდე თერმოსკრინინგს გადიან.

დღეიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ხოლო მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ამ ქალაქებში სწავლა ონლაინრეჟიმში გრძელდება.

სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განახლდა ფოთსა და გორში.

დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close