ქართველები უცხოეთშისაქართველო

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს გარეჯის გამქრალი რუკა გადასცა

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

ბევრი წლის წინ საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ გარეჯის სადავო  საზღვრების დადგენისას იხელმძღვანელებდნენ კონკრეტული რუკით, რომელიც მოგვიანებით გაუჩინარდა და რომელთან დაკავშირებითაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების ფინანსურ ინტერესებს შეეწირა. სწორედ ამიტომ ისინი საგამოძებო უწყებებისგან ითხოვენ დროულ და ეფექტიან გამოძებას იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული.

სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმებაზე პროკურატურამ სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყებას არც საეჭვო შეთანხმების დრო უხსენებია და არც კონკრეტული პერსონები.

ის, რაც არ თქვა პროკურატურამ, უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა:

„საქართველომ დავით ხიდაშელს ძეგლი უნდა დაუდგას. საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს ხელისუფლებას რუქები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გარეჯის მთელი ტერიტორია ბერთუბანიდან ლავრამდე საქართველოა. როგორც ირკვევა, რუქები რუსეთში ინახებოდა. დავით ხიდაშელმა ასევე 1.2 მილიონი ლარი გადარიცხა covid-19 დახმარების ფონდში“, –  წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ვინ არის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი?

დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ი სხვადასხვა სახეობის რადიომოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, როგორიცაა ტელეკომ-მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა.

bm.ge-ის ინფორმაციით,  დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК „Система“-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

INTRACOM-ის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს INTRACOM-ის შემოსავალი 136.6 მილიონი ევრო, წმინდა მოგება კი, 1.7 მილიონი ევრო იყო.

რაც შეეხება რუკებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მხარის მიერ მოპოვებულმა ახალმა მასალებმა 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს „ნაპოვნი“ დოკუმენტი ქართულ დიპლომატიას პოზიციებს გაუმყარებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close