2XL გოგონები მსოფლიოს იპყრობენ – LIZZO „ვოგის“ გარეკანზე (ვიდეო)
32 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, რომელიც ეპატაჟით გამოირჩევა, მუსიკალურ ინდუსტრიაში ფურორი არაერთხელ მოახდინა. იგი ცნობილია არა მარტო თავისი ჰიტებით, არამედ თავისი სხეულის ფორმებითაც, რომელსაც არასდროს მალავს და არც საზოგადოების რეაქციები ადარდებს. ხშირად მის თამამ ფოტოებს აკრიტიკებენ და აგრესიულ პოსტებს უწერენ.
რამდენიმე თვის წინ TikTok-მა დაბლოკა ლიზოს ვიდეო, რომელშიც იგი საცურაო კოსტიუმში პოზირებდა.
„TikTok-ი ყველა იმ ვიდეოს შლის, რომლებშიც საცურაო კოსტიუმი მაცვია, სხვა გოგონების ბიკინიან ვიდეოებს კი ტოვებს, ნეტავ, რატომ?“ – კითხვით მიმართა არტისტმა TikTok-ს და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
მუსიკოსმა TikTok-ზე საკუთარი ვარჯიშის ამსახველი ვიდეოების კოლაჟიც გამოაქვეყნა. კადრების ჩვენების პარალელურად მუსიკოსმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მას სიმსუქნის გამო აკრიტიკებენ.
„ბოლო ხუთი წელია, აქტიურად ვვარჯიშობ. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ თქვენი მოსაწონი სხეული მივიღო – იმისთვის ვვარჯიშობ, რომ ჩემი მოსაწონი ფორმები მქონდეს. როგორია ჩემთვის იდეალური სხეული? ეს თქვენი საქმე არ არის. მე ლამაზი, ძლიერი ვარ და ჩემს საქმეს ვემსახურები. ასე რომ, მომავალში, როცა ვინმეს გალანძღვას და განსჯას დააპირებთ იმის გამო, რომ ისინი კომბოსტოს ან „მაკდონალდსის“ პროდუქციას მიირთმევენ, ვარჯიშობენ, ან არ ვარჯიშობენ, რას იტყვით, ჯერ საკუთარ თავს რომ შეხედოთ და თქვენი ულამაზესი სხეული შეათვალიეროთ? რადგან ჯანმრთელობა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, როგორ გამოიყურები ვიზუალურად. ჯანმრთელობაში ისიც მოიაზრება, როგორი ხარ შინაგანად. ბევრ თქვენგანს კი შინაგანი სამყარო აქვს გასაწმენდი“, – ამბობს ლიზო ვიდეოში.
I Love @lizzo x pic.twitter.com/c3siUkiN4B
— James Corden (@JKCorden) June 10, 2020
სამი ,,გრემის” მფლობელ ლიზოს მიაჩნია, რომ მას სრულყოფილი ფორმები აქვს და უნდა, რომ მისი სხეულის ფორმები ნორმად მიიჩნეოდეს.
ამჯერად, ვარსკვლავი ჟურნალი „ვოგის“ დეკემბრის გარეკანზე მოხვდა, ის Moschino-ს კაბაში პოზირებს და შესანიშნავად გამოიყურება.
ფოტოსესიას ლიზოს ინტერვიუც ახლავს თან, რომელშიც ის დიდი წონის მქონე ქალბატონებს მიმართავს.
„გოგონებო დიდი ზურგით, მკლავებით, მუცლით და ფეხებით, თქვენ გესმით, რასაც ვგულისხმობ, ჩვენ სხეულის აღნიშნული ფორმებით პოზიტივიც უნდა მივიღოთ“, – აცხადებს არტისტი.
ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება.
კომენტარები