ხელოვნება

7 უცხოური კომპოზიცია, რომელშიც „დიელოს“,„ორერას“, „ივერიას“ და ქართული მუსიკის სხვა ელემენტებია გამოყენებული (ვიდეო)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე არტისტების შემოქმედებაში ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობის კვალის აღმოჩენა ყოველთვის ძალზე საინტერესო და დამაინტრიგებელია. ჩვენს სტატიაში სწორედ უცხოელი შემსრულებლების მიერ საკუთარ ნამუშევრებში ქართული ჩანაწერებისა თუ ფოლკლორული მოტივების გამოყენების შვიდ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

7. The Alchemist ft. Action Bronson & Roc Marciano – Yacht Rock (Side A)

დანიელ მამანი, იგივე The Alchemist საუცხოო სემპლების აღმოჩენას ყველგან და ყოველთვის ახერხებს. ამერიკელი პროდიუსერის ტრეკში Yach Rock (Side A) ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ივერიას“ მიუზიკლში „არგონავტები“ გაჟღერებული კომპოზიციის, „აიეტის არიის“ ელემენტებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერიდან ნასესხები მელოდია ნიუიორკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Griselda-ს წევრის, Conway the Machine-ის ნამუშევარშიც „3 Bodies“ გვხვდება.

6. David Byrne & Brian Eno – Mea Culpa

„ჩვენ ფრანგულ ლეიბლზე Ocora გამოცემულ ჩანაწერებს ვუსმენდით, რომელთა შორის ინდური კლასიკური მუსიკაც იყო, ირანული ფოლკლორიც და ქართული მრავალხმიანობაც“, – ასე იხსენებს Talking Heads-ის ფრონტმენი დევიდ ბირნი ემბიენთის პიონერთან, ბრაიან ინოსთან ერთად კოლაბორაციულ ალბომზე My Life in the Bush of Ghosts მუშაობის პროცესს. ჩანაწერში შესულ კომპოზიციაში Mea Culpa გამოყენებული მელოდიის წარმომავლობა მითითებული არ არის, თუმცა მასზე ქართული ფოლკლორის, კერძოდ კი, „ხორუმის“ გავლენა ძალზე ნათლად იგრძნობა.

5. Peter Gabriel & Deep Forest – While the Earth Sleeps

რეჟისორ კეტრინ ბიგელოუს სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის „უცნაური დღეები“ ეკრანებზე გამოსვლას ძალზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი საუნდტრეკების ალბომის გამოცემაც მოჰყვა. ფილმის დასასრულს ელექტრონული დუეტის Deep Forest და ლეგენდარული მუსიკოსის, პიტერ გებრიელის ერთობლივი კომპოზიცია While the Earth Sleeps ჟღერს, რომელშიც მაკედონიურ გალობასთან ერთად ქართული ხალხური სიმღერიდან „შაშვი, კაკაბის“ აღებული სემპლიცაა გამოყენებული.

4. Dr. Bene ft. DJ Perez & Fenbeatz – Catedral de Sal

ერთი შეხედვით, ჩილეს ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ სცენა ის ადგილია, სადაც ქართული მუსიკის კვალის აღმოჩენის იმედი ყველაზე ნაკლებად შეიძლება გვქონდეს, თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფაქტია, რომ ქალაქ სანტიაგოში 1999 წელს დაარსებული კოლექტივის Mente Sabia Cru წევრების კოლაბორაციულ ტრეკში Catedral de Sal სწორედ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „რეროს“ კომპოზიცია „შემოდგომა“ გახლავთ გასემპლილი.

3. Kate Bush – Hello Earth

საკულტო ბრიტანელი არტისტის, ქეით ბუშის მეხუთე სტუდიური ალბომი Hounds of Love პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერადაა აღიარებული. ეპოქალურ ნამუშევარში შესულ კომპოზიციაში Hello Earth ინგლისელი დირიჟორის, რიჩარდ ჰიკოქსის მიერ ჩამოყალიბებული მომღერალთა გუნდი „წინწყაროს“ ასრულებს. ბუშის თქმით, მან ამ ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად ვერნერ ჰერცოგის სურათში „ნოსფერატუ – ღამის მოჩვენება“ მოჰკრა ყური.

2. Dolphin Boy – Handsome as Ever

Dolphin Boy-ს ფსევდონიმით ცნობილი ენდი ლევი შოტლანდიელი ელექტრონული არტისტია, რომლის ჟღერადობაც ტრიპ ჰოპს, დაუნტემპოს, ჰაუსსა და ნიუ ჯაზს აერთიანებს. მუსიკოსის მიერ 2003 წელს გამოცემულ ტრეკში Handsome as Ever ვოკალურ-ინტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ კომპოზიციიდან „კავკასიური სიმღერები“ ნასესხები ელემენტებია გამოყენებული.

1. Hermit and the Recluse – Companion of Artemis

ამერიკელი რეპერის, კასიმ რაიანისა და პროდიუსერ Animoss-ის დუეტი Hermit and the Recluse ნიუ-იორკის ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. ჯგუფის სადებიუტო ალბომის Orpheus vs. The Sirens კონცეფცია ბერძნული მითოლოგიის გმირის, ორფეოსის მოგზაურობის ამბავს ეფუძნება, მასში შესულ ერთ-ერთ კომპოზიციაში Companion of Artemis კი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „დიელოს“ ფსიქოდელიური შედევრის, „მუხამბაზის“ სემპლია გამოყენებული.

popmusic.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close