კრიმინალისაქართველო

„200-ლარიან დახმარებაზე რეგისტრაციისთვის ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, ეს კრიმინალია“ – თამარ ბარკალაია

ჯანდაცვის სამინისტრო რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიერ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტს ეხმაურება.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ეხმიანება.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი ან კომპიუტერი, შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ამ დაწესებულებებში მათ დახმარებას სრულიად უფასოდ გაუწევენ.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close