fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ყველანი დავიხოცებით, აქ ვერ გადავრჩებით…“ – ბათუმში კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მე-4 სართულიდან გადმოხტა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მყოფი 27 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს 03:00 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან 13 აგვისტოს შემოვიდა.

დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ბათუმელები“ თვითმხილველს ესაუბრა, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო.

„გვიან ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.

გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო.

მე ვთხოვე, დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.

ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი, ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს.

პატრულმა მომთხოვა ოთახში დავბრუნებულიყავი, რადგან საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება არ მქონდა. თავიდან არ ვბრუნდებოდი, მაგრამ მერე მეორედ მთხოვეს და დავბრუნდი. ცოტა ხანში რაღაც ხმაური გავიგე. აივანზე გავედი და სხვა კარანტინში მყოფებმა მითხრეს, რომ ვიღაც ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ვერ დავიჯერე, რომ ეს ის ბიჭი იყო, მეოთხე სართულიდან, რადგან სამ ადამიანთან ერთად დავტოვე. მალევე მოვიდა სასწრაფო და კიდევ დამატებით პატრული. საკაცით წაიყვანეს ეს ბიჭი, სულ გასისხლიანებული იყო. როგორც მითხრეს, ეს ბიჭი თურქეთიდან ჩამოსულა და გზაშივე ამბობდა თურმე, კარანტინში ვერ გავძლებო“, – უყვება „ბათუმელებს“ თვითმხილველი.

27 წლის მამაკაცის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი სასტუმროს მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ამბობენ, რომ ოთახიდან გავიდა. ვთქვათ, თუ გავიდა, მაშინ კარანტინი რას ნიშნავს? ხომ უნდა იყოს ის პერსონალის მხრიდან კონტროლირებადი? თვითმკვლელობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ არც პრობლემას ჰქონდა, არც მიზეზი. მოდიოდა ძალიან კმაყოფილი, გახარებული. ჩამოვალ, გავივლი ამ კარანტინს, ისედაც ორი ბავშვი გვყავს და უსაფრთხოდ ჩამოვალო, ისედაც ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მე მიმაჩნია, რომ შეიძლება გავიდა, რაღაც წესი დაარღვია და შეიძლება, რომ პერსონალის მხრიდან რაღაც დაჭერის პერიოდში გაუსხლტა ხელიდან პერსონალს და რაღაც მოხდა. მე და ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემას გამოვრიცხავ“, – ამბობს დაშავებულის მეუღლე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-იდან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close