პოლიტიკასაქართველო

სერგეი შამბა – მუდმივ მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია

8 აგვისტოს ჩვენთვის კარგად ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსის, სერგეი შამბას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სახელწოდებით – „მუდმივ მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია“. შეგახსენებთ, რომ სერგეი შამბა სულ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ეს ის შამბაა, რომელიც 1997 წელს არძინბასთან ერთად, ხოლო 2006 წელს ბჟანიასთან (ე.წ. პრეზიდენტი) და ანქვაბთან (ე.წ. პრემიერ-მინისტრი) ერთად ეწვია თბილისს. იგი „პრაგმატიკოსთა“ ჯგუფს განეკუთვნება და მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის აუცილებელია საქართველოსა და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

ვრცელ ინტერვიუში უაღრესად საინტერესო გზავნილებია თბილისისადმი და, ასე ვთქვათ, აფხაზების ჩვენთან ურთიერთობების ერთგვარ ხედვას წარმოადგენს.

შამბა თვლის, რომ აუცილებელია დიალოგის აღდგენა. „ამ დიალოგმა არავის უხერხულება რომ არ შეუქმნას (სტატუსის საკითხები და ა.შ.), ვისაუბროთ არაფორმალურ გარემოში, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. რისი კარგი მაგალითი იყო ე.წ. „შლაინინგის ფორმატი“, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა და ოფიციალური პირების არაოფიციალურ პლატფორმას წარმოადგენდა.

უნდა შეწყდეს გალში ქართველების შევიწროება, ვისაც უნდა აფხაზურ პასპორტებს დავურიგებთ, რადგან მათი იდენტობის ძალისმიერი შეცვლის პოლიტიკა არ ამართლებს და ამგვარი მცდელობები ამ ხალხს მხოლოდ აბოროტებს. საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების ლეგალიზაცია; ვაჭრობა მაინც მიდის ენგურის გავლით და როდემდე უნდა ავარიდოთ ამას თვალი?“.

რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობა აუცილებელია ჩვენთვისო, აცხადებს შამბა.

ანუ საბოლოო  გზავნილი თბილისისთვის: „აქ ვართ – მზად ვართ“; დასავლეთისთვის: „რუსეთი – კი, მაგრამ თქვენც“; რუსეთისთვის: „დიდი მადლობა, მაგრამ სხვებთანაც გვალაპარაკე“.

ნაწყვეტები ინტერვიუდან https://www.ekhokavkaza.com

რა საფრთხეებს ხედავთ გარე სამყაროდან ამ მომენტში აფხაზეთისთვის?

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საფრთხე საქართველოდან მოდიოდა. ამ დრომდე ჟენევაში ვცდილობთ, შევთანხმდეთ მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ქართული მხარე თვლის, რომ ეს იქნება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და, ამრიგად, გარკვეულწილად, აფხაზეთის, როგორც თანაბარი პარტნიორის, აღიარება.

უნდა ითქვას, რომ 1997 წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბა [ევგენი] პრიმაკოვის ინიციატივით ეწვია თბილისში, მე ვიყავი ამ დელეგაციაში – მაშინ თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც წერია, რომ მხარეები უარს იტყვიან ძალის გამოყენების და თუნდაც ძალის გამოყენების მუქარაზე. ასე რომ, ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა – (ედუარდ) შევარდნაძემ და (ვლადისლავ) არძინბამ – არსებობს.

2008 წლის მოვლენების შემდეგ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ დღეს გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რაც გვაძლევს უსაფრთხოების კარგ გარანტიებს.  დღეს საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების საფრთხე აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორც ეს იყო ომის შემდეგ წლების შემდეგ.

ყველა საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასთან, ჩვენს სუვერენიტეტთან, პოლიტიკურ სიბრტყეში მდებარეობს. ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და კონსოლიდაცია შეიძლება შეფერხდეს მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური ურთიერთობებით, რაც გამოიხატება კონსენსუსის პოვნის უუნარობასა და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტისადმი არარაციონალური მიდგომაში.

არსებობს ფუნდამენტური ხასიათის საკითხები, სადაც შეუძლებელია კომპრომისზე ლაპარაკი – ეს არის ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება, აქ კომპრომისები არ შეიძლება.

სერგეი მირონოვიჩ, არც ისე დიდი ხნის წინ ასლან გეორგიევიჩ ბჟანიამ საჯარო გამოსვლისა თქვა, რომ „ჩვენ გვჭირდება დიალოგი საქართველოსთან“. თქვენი აზრით, რა იგულისხმებოდა ამ ნათქვამში – აუცილებელია თუ არა საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობაზე ფიქრი და თუ – კი, მაშინ რა სახის ურთიერთობებზეა საუბარი?

მე თვითონ არაერთხელ მითქვამს, რომ საჭიროა დიალოგი, რადგან აშკარაა, რომ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა ჩვენსა და საქართველოს შორის. და როდესაც პრობლემებია, მაშინ აუცილებელია მათ მოგვარებაზე საუბარი. ძალიან ხშირად მესმის იმათგან, ვინც წინააღმდეგია ასეთი დიალოგისა, სიტყვები: „არა, ჯერ საქართველომ გვაღიაროს“, „არა, ჯერ ეს გააკეთონ ან ეს“, მაგრამ ავიწყდებათ,  რომ ამის მისაღწევად საუბარია საჭირო.

მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატი ვარ, ასე რომ, ვიცი, რომ ნებისმიერი პრობლემა დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. რამდენიმე რთული საკითხი შეიძლება მოგვარდეს ათწლეულების განმავლობაში, თან ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ცალსახაა, რომ ჩვენ მეზობლები ვართ. გვყავს მეზობლები – რუსეთი და საქართველო და, გვინდა – არ გვინდა, ჩვენი ურთიერთობები ბედისწერით არის განსაზღვრული.

დიახ, ომი იყო… იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ინტერვენცია საქართველოს მხრიდან, ასევე იყო საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია აფხაზეთის მხრიდან – ეს ყველაფერი ჩვენს ისტორიაში იყო.

შეუძლებელია მუდმივ მტრობაში ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენი ისტორია – ომი… ჩვენ მშვენივრად ვიცით, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი; მაგრამ ეს გვერდი უკვე გადავფურცლეთ, ახლა საჭიროა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს შვილებზე. ჩვენ არ შეგვიძლია აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა სიძულვილით, ეს არ შეიძლება, ამით ჩვენ ვანგრევთ ახალგაზრდების სულებს. ეს ყველაფერი წარსულშია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები.

თუ საჭიროა დიალოგი, რა საკითხებს ხედავთ, რომლებზეც შეიძლება დიალოგის დაწყება?

დავიწყებდი არაფორმალური დიპლომატიით, არასამთავრობო ორგანიზაციებით. ასეთი კონტაქტები ძალიან ინტენსიური იყო ვლადისლავ არძინბას დროსაც კი. იყო „შლაინინგის ფორმატი“  და სხვადასხვა შეხვედრა სხვადასხვა დონეზე – საზოგადო მოღვაწეები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ სახელმწიფო მოხელეებიც მონაწილეობდნენ ასეთ არაფორმალურ შეხვედრებში.

შეგვიძლია ამით დავიწყოთ და თანდათანობით გამოვკვეთოთ ის თემები, რომლებზე მსჯელობაც შესაძლებელია. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „არა, ლაპარაკი არ გვჭირდება“, – ივიწყებენ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს დიალოგი. ახლა არ ვლაპარაკობ ჟენევის შეხვედრებზე, მაგრამ ენგურჰესი – ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და მხარეებს შორის ამ საკითხზე მუდმივი კონტაქტებია.

ბევრჯერ მითქვამს, რომ აუცილებელია ენგურის ხიდზე უკანონო ვაჭრობის დაკანონება, ლეგალიზაცია, მაგრამ ბევრი წინააღმდეგია. ახლახან პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, იყო მოლაპარაკება დეპუტატებთან… და იმ არგუმენტებს, რომლებიც მე მოვიყვანე, მხარი დაუჭირა დამსწრე საზოგადოების უმეტესობას, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმაც.

რა იყო ეს არგუმენტები?

არალეგელური ვაჭრობა სინამდვილეში ხდება, მხოლოდ აკრძალვები არაფერს გვაძლევს, მთელი ფინანსური ნაკადი მიდის ჩვენი ბიუჯეტის მიღმა, რაზეც ზოგიერთები დიდ ფულს შოულობენ უკანონოდ. ეს მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლეგალიზაციას გავლენიან ძალები უპირისპირდებოდნენ და სათავისოდ იყენებდნენ იმ  ფაქტს, რომ ჩვენ საზღვარზე ხვრელი გვაქვს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მიედინებოდა ნავთობპროდუქტების და ბენზინის ნაკადები აფხაზეთიდან საქართველოში, რადგან აქ საწვავი იაფი იყო, იქ მიდიოდა სიგარეტი, თხილი დღესაც იქ მიდის. კონტრაბანდა არის ყველგან – შეგიძლიათ ნახოთ მაღაზიებსა და ბაზარზე. როგორ ხდება ეს? რატომ არ უნდა ჩამოვაყალიბოთ საბაჟო კონტროლი საზღვარზე და რატომ არ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაკანონება?

მე არ ვსაუბრობ საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების აუცილებლობაზე, სახელმწიფოთაშორისი – ეს დღეს არარეალურია, ამას თავად საქართველო არ დათანხმდება, მაგრამ ჩვენ საზღვარზე საჭირო გადასახადების დაწესებით შეგვიძლია მივიღოთ შემოსავალი იმ საქონელიდან, რომელიც იქიდან აქეთ ან აქედან იქეთ მიემართება. ეს არის ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი.

როგორ უყურებთ კონტაქტების საჭიროებას დასავლეთთან – sჭირდება ის აფხაზეთს და უნდა იყოს თუ არა ეს ვექტორი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში?

უეჭველად. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და უნდა გვქონდეს სრულყოფილი საგარეო პოლიტიკა. დღეს რუსეთმა გვცნო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი ინტერესის მოგვარება, თუ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა დავამყაროთ ურთიერთობა მთელ სამყაროსთან, ჩვენ უნდა გვცნოს მსოფლიო საზოგადოებამ. იმისათვის, რომ ჩვენ მსოფლიო საზოგადოებამ გვაღიაროს, ჩვენ უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ამას, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი სახელმწიფო, გვინდა, რომ შევესაბამებოდეთ იმ ფასეულობებს, რომლებიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჩვენი არაკონსტრუქციული ქმედება ვერ შეგვიქმნის მიმზიდველ იმიჯს, ისინი მხოლოდ ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მომწიფებული ამგვარი აღიარებისთვის.  ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის დიალოგი საჭირო, არ არის საჭირო ლაპარაკი, ჩვენ აგრესიულად ვიქცევით, ზოგიერთისგან ხშირად გამიგია, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აგრესიული. მე მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკა მეგობრული უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და გვინდა ვიყოთ მეგობრული ყველა მეზობელთან.

როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არ შეგვიძლია საუბარი მეზობლებთან, მაშინ რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სხვა ქვეყანები გაგვიგებენ, თუკი ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება მეზობლებთან? ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთი. თუ რამის მიღწევა გვინდა, ჯერ უნდა ვისაუბროთ, ვცადოთ დიალოგი, ჩავატაროთ ამ მხრივ გარკვეული სამუშაოები – ეს არის საგარეო პოლიტიკის უწყების ამოცანა.

გალის რაიონის მკვიდრთა პასპორტიზაცია – მათ ჯერ პასპორტები მისცეს, შემდეგ კი ეს პასპორტები ჩამოართვეს. როგორ აფასებთ ამ სიტუაციას და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაჭრას აფხაზეთმა ეს საკითხები გალის რეგიონში დღეს?

რთული სიტუაციაა. მე მესმის დამოკიდებულება გალის რაიონის მაცხოვრებლებისადმი აფხაზური მოქალაქეობის გაცემის შესახებ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ამ ხალხს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენ კი არ გვაქვს მოლაპარაკება საქართველოსთან ამ საკითხზე, ისე როგორც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

თუ დავიწყებთ იმის გარკვევას, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები ოდესღაც, ამით სიკეთეს ვერ მივიღებთ და ვერც ვერასოდეს გადავჭრით ამ საკითხს. ამავდროულად,  ჩვენ არ უნდა გვქონდეს დისტანცირების პოლიტიკა ამ ხალხისგან, რადგან ისინი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეები არიან, აფხაზეთის ერთ-ერთი რეგიონი – სამურზაყანო, ამჟამად გალის რაიონი – და ჩვენ როგორმე უნდა გადავწყვიტოთ მათი მოქალაქეობის საკითხი. დღეს მათ აქვთ ბინადრობის ნებართვის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, მათი უმეტესობა ერთ დროს აფხაზები იყვნენ. მე არ ვარ ამ საქმეების განხილვის მომხრე, ზოგადად, რასობრივი მიდგომა მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც არის ასეთი შერეული მოსახლეობა, ასეთი თემა საერთოდ მიუღებელი უნდა იყოს. მეჩვენება, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მათი აფხაზეთის მოქალაქეობის საკითხი.

და როგორ უნდა გადავწყვიტოთ?

ახლა მე გეტყვით: დემოკრატიულ სამყაროში თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნებისმიერი მოქალაქეობა, რომელიც გსურთ. თუ არ არსებობს ხელშეკრულება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რჩება სამხედრო სამსახურის ან ხმის მიცემის შესახებ კითხვები, სხვანაირად კი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობა.

ამიტომ, მხოლოდ იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ მათ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არასწორია. ჩვენ არ უნდა გავუცხოვდეთ ამ ხალხისგან, უნდა ჩავრთოთ ისინი აფხაზურ საზოგადოებაში, ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ისე რომ ისინი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და მათ იგრძნონ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები არიან  და არა  – დევნილები ამ ქვეყანაში.

სხვანაირად ჩვენ მხოლოდ „მეხუთე კოლონა“ გვეყოლება ქვეყანაში – რაში გვჭირდება ეს? მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. მე არ ვგულისხმობ სტუმრებს, რომლებიც დროებით მოდიან ფულის საშოვნელად, ვგულისხმობ მათ, ვისი წინაპრები აქ დაიბადნენ, რომლებიც თვითონ აქ დაიბადნენ, ცხოვრობენ და მუშაობენ – ისინი უნდა იყვნენ სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ჩვენთან ერთად უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ სახელმწიფოს მშენებლობაში“.

ამ ინტერვიუს დაემთხვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა საქართველოში; იმედია, ქალბატონი მინისტრი იმავე საკითხებზე საქართველოს ოფიციალურ პოზიციას უახლოეს პერიოდში დააფიქსირებს.

ვუთხრათ ჩვენც  – დაგინახეთ, გავიგეთ, პრინციპში, მზად ვართ – ჩავატარებთ არჩევნებს და დავიწყოთ საუბარი.  პარალელურად თუ „შლაინინგი – 2“-ს დავაანონსებთ, ხომ მთლად უკეთესი.

ბურთი ახლა ჩვენს მოედანზეა და ვნახოთ, რას იზამს საქართველოს სახელმწიფო.

tbilisipost.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close