იტალია ციცის ობიექტივში: პიზა – გალილეო გალილეის სამშობლო
პიზა პატარა წყნარი საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც თავისი მხატვრული და არქიტექტურული ძეგლებითაა სახელგანთქმული. ქალაქმა ძველი კედლების კონტურის დიდი ნაწილი და უნიკალური ისტორიული ატმოსფერო დღემდე შეინარჩუნა.
პიზა, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა შესანიშნავი შენობებით პიაცა დელ დუომოზე, რომელსაც, აგრეთვე, საოცრებათა მოედანი – Piazza dei Miracoli ეწოდება.
ამ ზაფხულს, ისევე როგორც იტალიის ბევრ სხვა ტურისტულ ქალაქში, პიზაშიც სიჩუმე და სიცარიელეა კორონავირუსის პანდემიის გამო. ზოგადად კი, ამ პატარა ქალაქს, რომელსაც მთელი მსოფლიო დახრილი კოშკით იცნობს, საკმაოდ ბევრი ტურისტი ჰყავს ხოლმე და ეს არა მხოლოდ ამ სახელგანთქმული კოშკის და საოცრად ლამაზი მოედნის, Piazza dei Miracoli-ს დამსახურებაა – ტურისტული ნაკადის შენარჩუნებას აქ კიდევ ორი ფაქტორი უწყობს ხელს: პიზის აეროპორტი „გალილეო გალილეი“ და ლივორნოს უზარმაზარი საზღვაო პორტი, რომელიც ლიგურიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
პიზიდან ლივორნოს პორტში სულ რაღაც 15-16 წუთში შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ჩქაროსნული მატარებლით კი – 13 წუთში, სულ რაღაც 3 ევროდ. ჩვენც, სხვა ტურისტების მსგავსად, იმისთვის, რომ სარდინიაზე გავმგზავრებულიყავით, ერთი ღამით პიზაში სასტუმროს დაჯავშნა მოგვიწია და, რა თქმა უნდა, ჩვენს სამოგზაურო ალბომს ამ ქალაქის დასამახსოვრებელი ფოტოებიც შევმატეთ.
პიზა ტოსკანის დაბლობზეა გაშენებული, მდინარე არნოზე, ლიგურიის ზღვიდან (ხმელთაშუა ზღვის ნაწილი) დაახლოებით 10 კილომეტრში.
1564 წელს ამ ქალაქში დაიბადა გალილეო გალილეი, რომელიც ადგილობრივ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს (პიზის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში). სწორედ მისი სახელობისაა პიზის აეროპორტი.
პიზის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომელთა ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, პიაცა დეი მირაკოლიზე ანუ საოცრებათა მოედანზეა თავმოყრილი.
პიზის მთავარი სიმბოლო, დახრილი კოშკი ჩაფიქრებული იყო, როგორც ტაძრის სამრეკლო. ის თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში შენდებოდა, მე-12 საუკუნიდან მოყოლებული. კოშკის სიმაღლე თითქმის 57 მეტრია, ხოლო ღერძის დახრა – 3,54°.
პიზის კათედრალი – სანტა მარია ასუნტას ტაძარი თეთრი მარმარილოსგან არის ნაგები რომანულ სტილში. მისი მშენებლობა მე-11 ს-ნეში დაიწყო, სარაცინელებზე გამარჯვების შემდეგ.
ტაძრის ინტერიერის მთავარი ღირსშესანიშნაობაა იტალიური სკულპტურის შედევრი – მოქანდაკის და არქიტექტორის, ჯოვანი პიზანოს კათედრა.
აქვეა Battistero di San Giovanni – წმინდა იოანეს ბაპტისტერიუმი, იტალიური რომანული და გოთიკური არქიტექტურის დიდებული ნიმუში, რომლის მშენებლობა 1152 წელს დაიწყო და 1363 წელს დამთავრდა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაპტისტერიუმი – მისი სიმაღლე 54,86 მეტრია, დიამეტრი – 34,13 მ.
ციცი ხაბელაშვილი
ავტორის ფოტოები
კომენტარები