საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეშფოთებას იწვევს

ნიკოს ხარდალიასმა შეზღუდვების ახალი ზომების შესახებ განცხადება გააკეთა

საბერძნეთში ბოლო დღეების განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეშფოთებას იწვევს. გასულ 24 საათში ინფიცირების კიდევ 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც განგაში გამოიწვია. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.  ახალი შემთხვევები ატიკაში, თესალონიკსა და კიდევ 21 რეგიონში დაფიქსირდა.

EODY-ს ცნობით, კორონავირუსი ისევ ცირკულირებს და  მუდმივად ვრცელდება, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვებელები აპრილის დონემდე ადის.

დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი 151 შემთხვევიდან 7 ინფიცირებული ქვეყნის საზღვრებთან ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა. ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 5270-ს უდრის (ყოველდღიური ცვლილება +2.9%), აქედან 54.6% მამაკაცია.

გასულ 24 საათში COVID-19-ით პაციენტის გარდაცვალების ახალი ფაქტი, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კოვიდით გარდაცვლილია 210 ადამიანი. დაღუპულთა საშუალო ასაკი 76 წელი იყო. მძიმე პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც ფილტვების სასუნთქი აპარატი სჭირდებათ, 14-ია. მათ შორის 78.6% მამაკაცია.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, ინფექციური დაავადებების კომიტეტის რეკომენდაციით, მთავრობამ შეზღუდვების ახალი ზომები შემოიღო. ამის შესახებ დღეს მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა. დროებით აიკრძალა საეკლესიო მსვლელობები, მათ შორის, ლიტანიობა 15 აგვისტოს, მარიამობას. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ეკლესია ამ შეზღუდვას ეთანხმება. ღამის ბარებში იკრძალება ადამიანების ფეხზე დგომა, ბარები მხოლოდ დამჯდარ კლიენტებს უნდა მოემსახურონ. დროებით შეჩერდა ფესტვალებიც.

12 აგვისტოდან მალტიდან საბერძნეთში ვიზიტორებს იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ ისინი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ტესტი უნდა გაკეთდეს საბერძნეთში ჩასვლამდე 72 საათით ადრე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close